გიორგი ვარდოსანიძემ დათო კენჭიაშვილთან ერთად სიმღერა „ლანდებს“ ჩაწერა, რომელმაც მოკლე დროში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერას ინტერნეტსივრცეში უამრავი გაზიარება მოჰყვა, რასაც თავად მსახიობი არ ელოდა. ახლა კი „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი ნომინანტია.
გიორგი ვარდოსანიძე:
ძალიან კარგი კონკურსია და მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ ჩემი სიმღერაც წარდგენილია, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, რომ ჩემს გვერდზე არ ვაზიარებ და არავის მოვუწოდებ ხმის მიცემისკენ, რადგან მივიჩნევ, რომ კონკურსზე უფრო კარგი მონაწილეები არიან. იმედია, დათოს არ ეწყინება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო უფრო ექსპერიმენტი, მართალია, მან გაამართლა, მაგრამ ცოტა ამბიციური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისი გაზიარება და მის მიცემისკენ მოწოდება. მივიჩნევ, რომ არ ვარ მომღერალი. თუკი მომავალში გავტუტუცდები და ამბიცია მომემატება ამ მხრივ, მერე შეიძლება, ასეთ კონკურსში უფრო აქტიურად ჩავერთო.
ახალი სიმღერის ჩაწერას აპირებ?
უკვე ჩავწერე. ბენდივით გავაკეთეთ მე, ალეკო ბეგალიშილმა, გიორგი ყველაშვილმა და თათული თოხვაძემ, ჩავწერეთ სიმღერა, რომელსაც ჰქვია „აზრს“, მისი მელოდიაც და ტექსტიც მე მეკუთვნის, ასე გავთამამდი (იღიმის). ახლახან გადავიღეთ კლიპი, მე და გოგიტა ჩიკვაიძემ და ახლა მიმდინარეობს მონტაჟი. მისი პრემიერა ახალ სეზონზე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგება.
ნინო მურღულია
