გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გზის სამუშაოების გამო კოსტავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.
მძღოლების ნაწილი პრობლემის მოგვარებას თბილისის მერიას სთხოვს.
ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც საავტომობილო გზაზე ზედა საფარის განახლებას საჭიროებს.
გადაკეტილია საავტომობილო გზის რამდენიმე სავალი ზოლი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ საღამოს, 23.00 საათზე დაიწყო.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები „26 მაისის მოედნის“ მონაკვეთამდე ჩატარდება, თუმცა სამუშაოების დასრულების კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ენ სი სი“ აწარმოებს.
ipn.ge