ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპალიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ 0:1 დათმო ბულგარულ „ლუდოგორეცთან“. მართალია ჩვენს გუნდს ბევრი შანსი არ ქონია, მაგრამ რთულია მაინც გააკრიტიკო – „ტორპედო“ უკვე მეოთხე გუნდს ეთამაშება ამ ევროსეზონზე და ეს უკვე არ არის ცუდი ქართული გუნდისთვის. მეტოქე კი მიუხედავად იმისა, რომ უძლეველი სულაც არ არის, მაინც უფრო გამოცდილი და უკეთესი გუნდია. ეტყობა, რომ რესურსიც მეტი აქვს და თამაშიც ლოგიკურად დასრულდა. სტუმრებს უფრო ქონდათ მომენტები, ვიდრე ჩვენ. ფაქტობრივად ვერც შევქმენით რეალური ეპიზოდი სტუმართა კართან, როდესაც „ლუდოგორეცი“ არაერთხელ საკმაოდ სახიფაოთ დაემუქრა ჩვენს კარს. აი გოლი მაინც დასანანად გავუშვით. მსაჯი პირველი ტაიმის დამთავრებას აპირებდა, მაგრამ შეტევის დასრულება აცალა სტუმრებს და… სულ ბოლო წამზე გაშვებული გოლი აშკარად უარყოფითად მოქმედებს.
ეს ბულგარული კლუბები მაინც რა გახდა: აქამდე რამდენჯერაც შეხვდით ევროარენაზე ბულგარეთის წარმომადგენელს (სხვადასხვა დროს – „ბოტევს“, „ლევსკის“, „ლოკომოტივს“), გამარჯვება რაა, ერთი გოლიც ვერ გაგვიტანია
განმეორებით შეხვედრას „ტორპედო“ „ლუდოგორეცთან“ 30 აგვისტოს ბულგარეთში, რაზგრადის სტადიონზე ჩაატარებს.
თბილისი. “მიხეილ მესხი”.
ტორპედო – ლუდოგორეცი 0:1
გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2)
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70)
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი:
„მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა. შემდეგ შეხვედრაში რას შევცვლი? ყველაფერს, მაგრამ ამით ბრძოლა არ დასრულებულა. წინაა 90 წუთი, რომელიც ბულგარეთში უნდა ჩავატაროთ. ფსიქოლოგიური წნეხი არააა და შესაძლოა, ეს განმეორებით შეხვედრაში კარგიც იყო. მთავარია, მეორე შეხვედრაში გავიტანოთ“.
„ლუდოგორეცის“ მთავარი მწვრთნელი, პაულო აუტუორი:
„ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. უნდა ითქვას, ჩვენმა მეტოქემ ღირსეულად ითამაშა. „ლუდოგორეცმა“ თამაში სწორად არ დაიწყო და ჩემს მიერ დასახულ გეგმას არ ასრულებდა. ყველაფერი შესვენების შემდეგ შედარებით გამოსწორდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეორე ტაიმში „ლუდოგორეცმა“ ბურთი კარგად დაიჭირა. რატომ ვერ ვითამაშეთ მაღალ ტემპში? „ტორპედოსგან“ განსხვავებით, ჩვენ ევროპის ლიგაზე „ზრინსკისთან“ შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან ვითამაშეთ. ქუთაისელებმა კი საკუთარ ჩემპიონატში შეხვედრა გამოტოვეს და ჩვენზე ენერგიულად გამოიყურებოდნენ. მაგრამ რომ არა როინ კვასხვაძე, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო. თუმცა, ეს ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და ჯერ არაფერი დასრულებულა – ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება“.