LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა ევროკავშირამდე სატრანსპორტო პოლიტიკის გარეშე

18

მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი ავტოპარკი – სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ავტომობილები, რომელთა მდგომარეობასაც წლებია არავინ ამოწმებს; ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულთა და დაღუპულთა დიდი რაოდენობა; გაუკონტროლებელი საქალაქთაშორისო მგზავრობა – ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა საქართველოს დღესაც არ აქვს. უწყებებს შორის გაფანტული აღმასრულებელი ფუნქციების, კონტროლის სუსტი, განუვითარებელი მექანიზმებისა და ევროკავშირთან ჯერაც შეუსაბამო კანონმდებლობის გამო სატრანსპორტო კუთხით ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის არსებული რისკები ქვეყანაში ჯერაც არ მცირდება. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები კი ჯერ ისევ დროში გაუწერელი და დაუგეგმავია.

მოძველებული ავტოპარკი და მისი ტექნიკური მდგომარეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2016 წლის დასაწყისში საქართველოში 1 053 181 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული. აქედან მხოლოდ თბილისში – 389 756.  მანქანების 90%-ზე მეტი 11 წელზე მეტი ასაკისაა.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. კანონში “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” ჩაიწერა, რომ გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო შემოწმება 2013 წლიდან უნდა განახლებულიყო. ეს ვადა უკვე ახალმა ხელისუფლებამ ერთი წლით გადაწია; მოგვიანებით, კიდევ ერთი წლით – ამჯერად 2015 წლის 1 მარტისთვის. ამ პერიოდისთვის სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლები უკვე იმ ჯგუფსაც ასახელებდნენ, რომელსაც ადგილობრივი შემოწმების სერვისი უნდა ჩაებარებინა, თუმცა თებერვალში მთავრობამ ეკონომიკური  საბჭოს რეკომენდაციით,  ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება კიდევ ერთხელ, თითქმის სამი წლით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაწია.

რას გულისხმობს ტექდათვალიერიება – პირობები, გამოწვევები 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, უპირველესი მიზეზი, რის გამოც ავტომობილების სავალდებულო ტესტირება კიდევ თითქმის სამი წლით გადაიდო, ამ პროცესისადმი მოუმზადებლობა იყო. კანონის ამოქმედების ვადამდე ერთი თვით ადრე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რა პერიოდულობით მოუწევდათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სავალდებულო ტესტირების გავლა. მოქალქეების ნაწილი შიშობდა, რომ ავტომობილი „გადასაგდები გაუხდებოდა“.  რაც შეეხება თვითონ შემოწმების ფასს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია განმარტავდა, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერება 50 ლარზე მეტი არ ეღირებოდა, შედეგები დრამატული არ იქნებოდა და მხოლოდ „ელემენტარულ პარამეტრებს“ გაითვალისწინებდა.

„ავტომობილი თუ ევრო-1-ის სტანდარტითაა გამოშვებული, მაშინ სწორედ ეს სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს და არა სხვა. საუბარია ელემენტარულ ტექნიკურ პარამეტრებზე: უსაფრთხოების ძვედზე, სამუხრუჭე სისტემაზე, მაშუქებზე, მხედველობის არეებზე, სარკეებზე და ა.შ. ჩვენ გვექნება სამოქმედო გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გაიწერება მაქსიმალურად სასურველი შემოწმების კრიტერიუმები და მისი განვითარების ეტაპობრივი გეგმა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სპონტანური შემოწმება ჩატარდა და 14 ავტომობილიდან მხოლოდ ერთმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები. ავტომობილი თუ ევრო-1-ის სტანდარტითაა გამოშვებული, მაშინ მხოლოდ ეს სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა დანელიამ.

„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი“ – TRACECA-ს ლიდერის თმით, საქართველოში არ ხდება საგზაო ქსელის მონიტორინგი და სახიფათო მონაკვეთების იდენტიფიცირებაც. ამასთან, მაღალია მოძრაობის სიჩქარე, რომელიც ევროპული სტანდარტიდან სრულად  ამოვარდნილია.

„მთავრობამ საგზაო უსაფრთხოებას უნდა შეხედოს როგორც ინვესტიციას და არა როგორც ხარჯს. შვედეთი და დიდი ბრიტანეთი ამაში დიდ ფულს ხარჯავს, რადგან თუ არ დახარჯავ, უფრო მეტს დაკარგავ. ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ. დოლარს ხარჯავენ“, – ამბობს როსი.

მისი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ორგანო. ვალდებულებებიც  სხვადასხვა უწყებას შორისაა გაბნეული და საბოლოოდ მათ შესრულება-შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობას არც ერთი მათგანი არ იღებს. 

კითხვაზე – რამდენად დროულად და ეფექტიანად სრულდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ტრანსპორტის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვპასუხობენ, რომ ვადები ჯერ არ დარღვეულა, დანარჩენი კი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. მის ფუნქციებში შედის საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და  სხვადასხვა უწყებების კოორდინირება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა ჩამოყალიბების პროცესშია.

 

ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე ამბობს, რომ ტრანსპორტის სამოქმედო გეგმა შემუშავდა და დახვეწის პროცესშია. მისი თქმით, სწორედ ამ გეგმის მიხედვით განისაზღვრება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, თუმცა საჭიროა თუ არა ერთიანი მაკონტროლებელი რგოლის შექმნა, ამაზე კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ აქვს:

„საქართველოში საგზაო უსაფრთხოებას  თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტო, შსს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თბილისის მერია… რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა ერთი კონკრეტული პასუხისმგებელი ორგანო, გასათვალისწინებელია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. უნდა განვიხილოთ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასე იყოს. შესაბამისი უწყებები განიხილავენ, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი პრაქტიკის ჩვენთან დანერგვა, – ამბობს სალუქვაძე. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დათქმულ ვადებში შეძლებენ.

ამ მიმართულებით მთავრობის პოზიციის შესახებ ბოლო ცნობა 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში აწ უკვე ყოფილი პრემიერის გამოსვლა იყო, სადაც მან აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრის გაგებაა საჭირო, თუმცა უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას “ზოგიერთების განაწყენება ჯობია”:

„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნია. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ ეტაპობრივად ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება უნდა დანერგილიყო, ცვლილებები კი დროში უნდა გაწერილიყო.

გეგმა მთავრობას მოსახლეობისთვის „უახლოეს მომავალში“ უნდა წარედგინა. თუმცა არანაირი კონკრეტული შემოთავაზება სამჯერ გადავადებული სავალდებულო ტესტირებისთვის ჯერჯერობით არ არსებობს. შემოთავაზებული არ არის განსახილველი ვარიანტებიც: როგორ შეიძლება მოხდეს თანადაფინანსება-წახალისების მექანიზმები, როგორ განახლდეს ეტაპობრივად ავტოპარკი, როგორ დაეხმარება სახელმწიფო  განსაკუთრებით მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების მძღოლებს, როგორ აღადგენენ კატალიზატორებს მანქანებში, როდესაც მათი  95% იმპორტირებისას “ქრება” . ამის შესახებ არავის უსაუბრია, არც მაშინ, როდესაც ამოქმედების ვადამდე 1 თვე იყო დარჩენილი და არც ამის შემდეგ.

 

მიდგომების შემუშავება-აღსრულებაზე პასუხისმგებლობები სხვადასხვა სტრუქტურას შორისაა გაბნეული. პრობლემის მოსაგვარებლადაც ამჟამად სხვადასხვა უწყება სტრატეგიებს სხვადასხვა კუთხით ამუშავებს. (იხილეთ ვრცლად)

 

წყარო: www.liberali.ge