ჰიპერჰიდროზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დაავადების დროს ხელისგულებზე, ტერფებზე, იღლიის არეში და სახეზე, ნორმალურზე მეტი რაოდენობით ოფლი გამოიყოფა. ჭარბი ოფლიანობა დისკომფორტს უქმნის ადამიანს და უარყოფითად მოქმედებს მის ცხოვრების ხარისხსა და სოციალურ აქტივობაზე. იმ შემთხვევაში, როცა გარემო ტემპერატურა იმატებს, ადამიანს ცხელება აქვს, ვარჯიშობს, ან როცა შფოთავს, ნერვიულობს და სტრესის ქვეშაა, ოფლის ჯირკვლები წარმოქმნიან ოფლს, რომელიც კანის ზედაპირზე გამოიყოფა. არსებობს ჰიპერჰიდროზის ორი ძირითადი ტიპი: პირველადი ჰიპერჰიდროზი იწვევს ხელების, იღლიების, სახისა და ტერფების ჭარბ ოფლიანობას რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე. მეორადი ჰიპერჰიდროზი იწვევს ჭარბ ოფლიანობას მთელ სხეულზე ან მის დიდ ნაწილზე და რაც გამოწვეულია ჭარბი სითბოთი, სამედიცინო მდგომარეობით ან მედიკამენტებით.
მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან პირველადი ჰიპერჰიდროზის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა სავარაუდოდ, იგი უკავშირდება სიმპატიკური ნერვული სისტემის უმნიშვნელო დისფუნქციას.
მეორადი ჰიპერჰიდროზის ერთ-ერთი ნიშანია ღამით ჭარბი ოფლიანობა. ეს ხდება იმუნური სისტემის გააქტიურების გამო.

მეორადი ჰიპერჰიდროზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებმა: მენოპაუზა, ორსულობა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ინფექციური დაავადებები, პარკინსონის დაავადება, რევმატოიდული ართრიტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა. ჭარბ ოფლიანობას შეიძლება ჰქონდეს გართულებები, როგორიცაა: კანის ინფექცია, კანის ცვლილებები, მაგალითად სიფერმკრთალე, პიგმენტაციის ცვლილება, ან დანაოჭება, მაცერაცია ანუ კანის ზედმეტად დარბილება და დასველება. ჰიპერჰიდროზმა ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ზოგ შემთხვევაში პაციენტები ცვლიან ყოველდღიურ რუტინას, რათა სხვებისგან დამალონ ჭარბი ოფლიანობის სიმპტომები.
ჰიპერჰიდროზის მკურნალობა დამოკიდებულია დიაგნოზის სიმძიმეზე და პაციენტისთვის ეფექტურ სამკურნალო მეთოდებზე. ასევე, სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც ჭარბი ოფლიანობით არის დაზიანებული. სიმპტომების მართვაში დახმარება შეუძლია ზოგად ექიმს ან დერმატოლოგს, რომლებიც დაეხმარებიან პაციენტს მისთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის შერჩევაში. შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.