LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერტონული დაავადებები

142
ჰიპერტონული დაავადებები

ჰიპერტონული დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამკურნალო კვებას. სამკურნალო დიეტა ახდენს ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, უნდა შეიცავვდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას. დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის და მაგნიუმის მარილებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით, უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვა და სხვა მინერალური ნივთიერებებით და მიკროელემენტებით, მათ შორის ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად. ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე, არაუგვიანეს 2 საათით ადრე.

ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები: ჭვავის პური, უხეშად დაფქული ფქვილით გამომცხვარი პური, ბოსტნეულის წვნიანი, ბურღულეულის და რძის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანი, უცხიმო ხორცისა და თევზის ნახარშზე დამზადებული წვნიანი შეიძლება მიირთვათ მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში. რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული. ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ ერთი კვერცხი, ნებისმიერი სახით. მიირთვით სხვა და სხვა სახის ბოსტნეული. შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი. მიირთვით ნებისმიერი ხილი, შეზღუდეთ ყუძნნის და მისი წვენის მიღება. რეკომენდებულია ჰერკულესის, წიწიბურას, ბრინჯის, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები. ჭარბი წონისკენ მიდრეკილების შემთხვევაში ამ პროდუქტების  მიღება უნდა შეიზღუდოს.

მისაღებია უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი. ძირითადად რეკომენდებულია მცენარეული წარმოშობის ცხიმები. ნებადართულია კარაქი და ერბო მხოლოდ 20 გრ. თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი. მინერალური უგაზო სასმელები მიიღეთ ექიმის რჩევით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები