ჰიპოგლიკემია სისხლში შაქრის დონის ნორმაზე დაბლა დაცემას ნიშნავს. ჰიპოგლიკემია შეიძლება დიაბეტის სამკურნალო წამლებმა, შიმშილმა, ზოგიერთმა მძიმე დაავადებამ, ნახშირწყლებზე რეაქციამ, პანკრეასის სიმსივნემ და კუჭის ზოგმა ოპერაციამ გამოიწვიოს; სისხლში შაქრის დონის დაცემა იწვევს ოფლიანობას, დაღლილობას, სისუსტეს. მძიმე ჰიპოგლიკემია კი ცნობიერების აბნევით, გულყრებითა და კომით ვლინდება; ჰიპოგლიკემიის მკურნალობისთვის აუცილებელია ორგანიზმში შაქრის რაიმე ფორმით მოხვედრა;
ჰიპოგლიკემია ხშირად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ვითარდება და ამის მიზეზი სისხლში შაქრის დონის დასაწევად მიღებული ინსულინის ან სხვა წამლების მოქმედებაა. აღნიშნული გართულება ხშირია სისხლში შაქრის დონის მკაცრად, ზედმიწევნით ნორმის ფარგლებში გაკონტროლების მცდელობისას. ჰიპოგლიკემიის რისკი ასევე უფრო მეტია წონის დაკლების მიზნით დიეტის დაცვის ან თირკმლის უკმარისობის დროს. ჯანმრთელ ადამიანებში ხანგრძლივი შიმშილი (რამდენიმედღიანიც კი) და ხანგრძლივი მძიმე ფიზიკური ვარჯიში (შიმშილის შემდეგაც კი) ნაკლებად იწვევს ჰიპოგლიკემიას. თუმცა, არსებობს რამდენიმე დაავადება და მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს რაღაც დროის განმავლობაში შიმშილის შემდეგ აღარ შეუძლია სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება. ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებაც, როცა ორგანიზმი რატომღაც უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროა.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრება შაქრის რაიმე ფორმით მიღებიდან რამდენიმე წუთში: ტკბილეულობის მირთმევის, გლუკოზის აბების ან ტკბილი სასმლის, მაგ., ერთი ჭიქა ხილის წვენის დალევის შემდეგ. თუკი სისხლში შაქრის დონე ხშირად ეცემა, განსაკუთრებით კი დიაბეტის მქონე პირებში, უმჯობესია გლუკოზის აბების თან ტარება. ჰიპოგლიკემიის დროს, იმის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი აქვს თუ არა ადამიანს, შაქრის მიღების შემდეგ კარგია ისეთი საკვების მირთმევა, რომელიც ნახშირწყლების უფრო ხანგრძლივ წყაროს შეიცავს (მაგ. პური ან მშრალი ორცხობილა).