ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკმარისი რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს, რაც აფერხებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და შედეგად ჩნდება ზოგადი ჩივილები, როგორიცაა: კანის სიმშრალე, ადვილად დაღლა, უენერგიობა სხეულის წონის მატება, შეშუპებული სახე, თმისცვენა, კუნთების სპაზმი, ყაბზობა, გულისრევა, მტკივნეული და გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი, შენელებული გულისცემა, მცივანობა, კრუნჩხვები, სიცივის აუტანლობა, ქრონიკული დაღლილობა და მეხსიერების გაუარესება. სიმპტომების მრავალფეროვნების და არასპეციფიკურობის გამო ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დაზუსტება ხდება სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრით.
ჰიპოთირეოზი შეიძლება აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მსოფლიოში ჰიპოთირეოზის გამომწვევ მიზეზთა შორის ყველაზე ხშირი სწორედ იოდის დეფიციტია. ფარისებრ ჯირკვალს ესაჭიროება იოდი თირეოიდულ ჰორმონთა სინთეზისათვის. იოდი ორგანიზმში ხვდება საკვებით, ძირითადად, რძის პროდუქტებით, ქათმის ხორცით, საქონლის ხორცით, ღორის ხორცით, თევზით და იოდიზირებული მარილით. იოდი სისხლის მეშვეობით ხვდება ფარისებრ ჯირკვალში. თუმცა ჭარბი რაოდენობით იოდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს მდგომარეობა ჰიპოთირეოზის მხრივ. სხვა პრეპარატს კი შეუძლია დათრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამომუშავების უნარი, რაც იწვევს ჰიპოთირეოზის ჩამოყალიბებას.