იაპონიაში, ვაკაიამას პრეფექტურაში მდებარე რკინიგზის სადგურს ახალი დირექტორი ჰყავს – კატა სახელად იონტამა. ამის შესახებ Kyodo News იუწყება.
დირექტორად დანიშვნის ოფიციალურ ცერემონიაზე რკინიგზის კომპანიის პრეზიდენტმა, დამსწრეთა ტაშის ფონზე, იონტამას კისერზე სპეციალური მედალი ჩამოკიდა, რომელზეც მისი ტიტული იყო მითითებული. ღონისძიებაზე საზოგადოებას ასევე წარუდგინეს მისი „შეგირცი“ – კატა სახელად როკუტამა, რომელიც მომავალში დირექტორის პოსტს გადაიბარებს.
იონტამა უკვე მესამე კატაა, რომელიც კისის სადგურის დირექტორად დაინიშნა. ტრადიცია 2007 წელს დაიწყო, როდესაც ამ თანამდებობაზე ჭრელი კატა ტამა მუშაობდა. იგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის სანახავად ტურისტები მთელი იაპონიიდან ჩადიოდნენ. შედეგად, სარკინიგზო ხაზით მოსარგებლე მგზავრთა რაოდენობა 55 ათასით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივ ეკონომიკას დაახლოებით 1.1 მილიარდი იენის სარგებელი მოუტანა.

ამ მიღწევების გამო ტამა 2013 წელს რკინიგზის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც კი დაასახელეს, ხოლო 2008 წელს ვაკაიამას გუბერნატორისგან სპეციალური ჯილდო მიიღო.
ტამა 2015 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მის ნაცვლად დირექტორად კატა ნიტამა დაინიშნა. ნიტამამ სადგურს ათი წლის განმავლობაში უხელმძღვანელა, თუმცა 2025 წლის დეკემბერში ისიც გარდაიცვალა. ახლა კი სადგურის „მმართველობა“ იონტამას ხელში გადავიდა.