საქართველოს ავტოპარკის უმრავლესობა – თითქმის 91% 2008 წლამდეა წარმოებული, სამ წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს – ინფორმაცია “ფორტუნამ” შსს-გან გამოითხოვა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია ავტოპარკების ტექდათვალიერებას გეგმავს. კახა კალაძის შეფასებით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის, ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად ეს ნაბიჯი, სხვა ძირითად საკითხებთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე თვეა, კალაძე მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებს ავალებს, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ავტომობილების ტექინსპექტირება და ის მანქანები, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, ხმარებიდან ამოიღონ.
დედაქალაქის მერს იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასა და სამინისტროებთან. ამავდროულად, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ავტოპარკების 91% დროულად საჭიროებს რეაბილიტაცია-განახლებას.
„ყველაფერი ეს მთლიანობაში არის საჭირო დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად. მოქალაქეებისგან ხშირად შემოდის ცნობები შემდეგ დარღვევებზე: დაბინძურებისა თუ ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის, მშენებლობებზე დადგენილი ნორმების დარღვევის შესახებ. ჩვენ ასეთი ჩართულობა და თანამონაწილეობა გვაძლევს 24 საათიანი მუშაობის სტიმულს, ასევე გვავალდებულებს, რომ თბილისელებს არ გავუცრუოთ იმედები და ყოველთვის დავიცვათ ქალაქის, თითოეული უბნის, ქუჩის, ეზოს თუ ოჯახის უფლებები,“ – აღნიშნა თბილისის მერმა ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახურის წარდგენისას.
თავად თბილისის მერიის უკვე განახლებული ავტოპარკი ასე გამოიყურება:
იმის გასარკვევად, თუ რა ასაკის და მდგომარეობის ავტომობილები მოძრაობს თბილისში, “ფორტუნამ” შსს-გან ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის 2017 წლის მონაცემებით, ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 80%-ზე მეტს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი, ვერცხლისფერი და თეთრი ფერისაა. სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 4.3%-ია, ხოლო სატვირთოების – 8%.
შსს-ს ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია Mercedes Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები. გარდა ამისა, 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა Toyota-ს მარკის ავტომანქანების რაოდენობა. მოდელებიდან კვლავ ლიდერობს Opel Astra და E კლასის მერსედესები, რომლებსაც მოსდევს C კლასის მერსედესები და Opel Vectra.
მსუბუქი ავტომობილების თითქმის ნახევარი სედანის ტიპისაა, თუმცა 2017 წელს მსუბუქებს შორის უფრო მოთხოვნადია „ჰეტჩბეკი“ ძარის ტიპის ავტომობილები. როგორც სამგზავრო, ასევე სატრანსპორტო ავტომანქანებში ლიდერობს Ford, რომელიც სამგზავრო მანქანების თითქმის ნახევარს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 27.6%-ს. ამას გარდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 88% კერძო პირების მფლობელობაშია. ავტოტრანსპორტის 36.5% თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხება.
შსს-ს ცნობით, პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა უპირატესობას Toyota-ს მარკის ავტომანქანებს ანიჭებს, კერძოდ კი Toyota Prius-ს. 3 წლამდე ასაკის ავტომობილებიდან გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო Toyota (1964 ცალი), რომელსაც მოსდევს Mercedes Benz (301 ცალი), Ford (276 ცალი), Hyundai (275 ცალი), Skoda (271 ცალი) და ა.შ.
გასულ წელს პირველადი რეგისტრაციები შემცირდა 26.5%-ით, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი გაიზარდა 88%-ით. ამასთანავე, ახალი ავტომანქანების პირველადი რეგისტრაციის რაოდენობა 26%-ით მეტია, ახალი ავტომანქანების ექსპორტ/რეექსპორტის რაოდენობაზე.
(ვრცლად/ფოტოები)