ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აქტიურად წერს ახალი სამსახურიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. ის კმაყოფილია იმ გუნდით, რომელიც მასთან, როგორც „ტვ პირველის“ გენერალურ პროდიუსერთან მუშაობს და იანვრიდან საინტერესო პროექტებს გვპირდება, მათ შორის აანონსებს, რომ კვირაში ხუთი დღე შეგვხვდება, მაგრამ იმას აღარ გააკეთებს, რასაც აქამდე აკეთებდა.
აშკარაა, რომ ახალი სამსახურით შთაგონებულია და დიდი ენთუზიაზმიც აქვს, თუმცა ენთუზიაზმი და მონდომება რომ არა, ალბათ, ამდენჯერ გადაცემის დახურვის შემდეგ ყველაფერს ნულიდან არ დაიწყებდა.
ამის შესახებ ის საინტერესო სტატუსს აქვეყნებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„რამდენჯერაც დაგინგრევენ გაკეთებულს,იმდენჯერ უნდა გადახარშო, ადგე… გაიარო და ხელახლა დაიწყო… გეწყინება, გეტკინება, მაგრამ მაინც უნდა დაიწყო.
მე რაღაც იმუნიტეტი მაქვს უკვე და რაც დრო გადის, უფრო ადვილად ვიწყებ ხოლმე დანგრეულის ხელახლა შენებას. მეექვსედ?? მეშვიდედ? აღარ მახსოვს, მერამდენედ დამინგრიეს... მაწყენინეს… ბევრს გაუხარდა… ბევრს ეწყინა,ბევრმა მხარი დამიჭირა,ზოგი გამემიჯნა, მაგრამ აი,ზუსტად ორი თვის მერე ზუსტად ისე დალაგდა ყველაფერი, როგორც წინა შემთხვევებში ხდებოდა ხოლმე.
ისევ ნულიდან, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეს, სრულიად ახლებურად, ისევ ხელახლა ვიწყებ… ხოდა, მგონი, რაღაც საინტერესო გამოგვდის. წინასწარ ვერაფერს დავწერ, ერთს გეტყვით, ვისაც გესიამოვნებათ ან გეწყინებათ, პირდაპირ ეთერში შევხვდებით კვირაში ხუთი დღე, თუმცა არა იმგვარი პროექტებით,რაც აქამდე მიკეთებია. აქამდე რაც არ მიკეთებია,იმგვარი სიახლით. მე მიყვარს ცხოვრება და მიხარია,რომ ისევ ახლიდან ვიწყებ ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად…“ – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.