მსოფლიოს უმსხვილესმა ტურისტულმა ქვეყანამ, მოდის, კინემატოგრაფიისა და პარფიუმერიის სამშობლომ, რომელსაც წელიწადში სულ ცოტა 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს, ძვირადღირებულ კურორტებითა და მდიდრულ სასტუმროებთან ერთად თავისი ღირსშესანიშნაობებითაც გაითქვა სახელი.
პარიზი
პარიზი მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს და მისით მოჯადოებულს კიდევ ბევრჯერ მოგინდებათ უკან დაბუნება, თუნდაც ეიფელის კოშკის, ცნობილი ლუვრისა და დისნეილენდის სანახავად.
მონ სენ-მიშელი
საფრანგეთის ღია ბარათების ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა ეიფელის კოშკის შემდეგ, სწორედ მონ სენ-მიშელია. სამწუხაროდ, კლდის უმაღლეს წერტილში მოთავსებული ბენედიქტელების სააბატოს მონახულება მხოლოდ ზღვის მიქცევის დროს შეიძლება, სხვა შემთხვევაში გზას წყალი რეცხავს კლდე კი, სამყაროსგან მოწყვეტილ კუნძულს ემსგავსება. პანორამულ მოედანს, რომელიც 155 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი, ყოველ წელს დაახლოებით 3 მლნ. ადამიანი სტუმრობს ნორმანდიისა და ბრეტანის ულამაზესი პეიზაჟების სანახავად.
შამბორი
ფრანგული რენესანსის მარგალიტი – შამბორი, ლუარის ველის ულამაზესი და ევროპის უმსხვილესი სასახლეა, რომლის მშენებლობაც ლეონარდო და ვიჩის მფარველის – მეფე ფრანსისკ პირველის ბრძანებით დაიწყო და დაუსრულებელი დარჩა. სასახლეს 426 ოთახი, 77 კიბე და 282 ბუხარია აქვს.
ჟენევის ტბა
ჟენევის ტბის ნაწილი შვეიცარიელებს ეკუთვნით, მისი სამხრეთ სანაპირო ზოლი კი – ფრანგების საკუთრებაა. ტბაზე ყველაზე პოპულარული ადგილი – ევიანია, რომელიც ცნობილი თავისი მინერალური წყლებით გახდა. აქვეა Evian Resort – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპა-ცენტრი, ძმები ლუმიერების სახლი, უძველესი ფონბონის სასახლე, ნაკრძალი ”პიერ-კიურიეს წყლის ბაღი” და საბაგირო გზა შაბლეს მთაზე.
გრასი
ლაჟვარდოვანი სანაპიროს ყველაზე სურნელოვანი ქალაქი – გრასი, სუნამოების მსოფლიო დედაქალაქი და ფილმის ”პარფიუმერის” მთავარი პერსონაჟის – ზიუსკინდის სამშობლოა.
ლიონი
საფრანგეთის მნიშვნელობით მეორე ქალაქი, ამავე დროს ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის, კინემატოგრაფის და ევროპის ტექსტილის სამშობლოა. ყოველი წლის დეკემბერში კი, ლიონში სინათლის გრანდიოზული დღესასწაული ეწყობა.
სტრასბურგი
გერმანიასთან მოსაზღვრე სტრასბურგი არა მარტო ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ქალაქია, არამედ შობის დღესასწაულის ოფიციალური დედაქალაქიც, რომელიც დღესასწაულის დღეებში, შარლ პეროს ზღაპრების გაცოცხლებულ ილუსტრაციებს ემსგავსება.
შამანი
შამანი საფრანგეთის უძველესი სათხილამურო კურორტი და პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ადგილია, სადაც 2000 მეტრის სიმაღლეზე, 70-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის ტრასებია მოწყობილი ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის.
ვერსალი
არქიტექტურის შედევრი – ვერსალი საუკეთესო ადგილია რომანტიკოსებისთვის. ზღაპრული სასახლე და ლაბირინთის ბაღები, სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერს მოუნდება დაკარგვა.
პილას დიუნები
პილას დიუნები თავისი ქვიშის გორაკებით და ასწლიანი ფიჭვებით, ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში. სწორედ ამ სანაპიროდან ეწყობა ექსკურსიები უძველეს ციხე-სიმაგრეში ფორტ ბოიარდში, რომელმაც სათავგადასავლო ტელეშოუს წყალობით გაითქვა სახელი.