იტალია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ყოვლისმომცველი კანონი მიიღო. ის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და საპატიმრო ვადას ყალბი ინფორმაციის შექმნისთვის. Anews-ის ინფორმაციით, პატიმრობა ერთი წლიდან ხუთ წლამდე ვადას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონი ამკაცრებს სასჯელს ხელოვნური ინტელექტის დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, მათ შორის თაღლითობისა და პირადი მონაცემების ქურდობისთვის.
ასევე შეუძლებელი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის ზედამხედველობის გარეშე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, მართლმსაჯულება და სპორტი. ხოლო 14 წლამდე ბავშვებს დასჭირდებათ მშობლების თანხმობა ხელოვნურ ინტელექტთან წვდომისთვის.
რაც შეეხება საავტორო უფლებას, კანონი ითვალისწინებს, რომ ნამუშევრები, შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაცული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი შექმნისას ხელოვნური ინტელექტის ძალისხმევა დამტკიცდება.
როგორც იტალიის მთავრობაში ამბობენ, ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ მაშინ უნდა იმუშაოს, თუ ის განვითარდება „ეთიკური წესების ფარგლებში, ორიენტირებული იქნება ადამიანებზე, მათ უფლებებსა და საჭიროებებზე“.
ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის რევოლუციას ახდენს სხვადასხვა დარგში, აჩქარებს სამეცნიერო კვლევებს და ცხოვრების თუ მუშაობის ბევრ ასპექტს უფრო ეფექტურს ხდის. მეორე მხრივ, პოლიტიკოსები, ტექნიკური ექსპერტები, ხელოვნური ინტელექტით დაზარალებული დარგების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დამცველები აქტიურად გამოდიან ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციების სასარგებლოდ. ისინი ითხოვენ წესების სწრაფად შემოღებას, რომლებიც შეეხება საავტორო უფლებას, მონაცემთა დაცვას, ასევე მკაცრ სასჯელს ყალბი ინფორმაციის შექმნისა და კიბერშეტევებისათვის.