LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პოპულარულ ქალაქში ჩუსტებით სიარულისთვის 2 500 ევროთი დაგაჯარიმებენ

132
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიაში ტურისტებისთვის უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ჩუსტებითა და ღია სანდლებით სიარული ქვეყნის ზოგიერთ პოპულარულ საფეხმავლო მარშრუტზე 50-დან 2 500 ევრომდე ჯარიმით დაისჯება.

შეზღუდვა ვრცელდება ჩინკვე-ტერეს ეროვნული პარკის ცნობილ სანაპირო ბილიკებზე, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ტურისტები კლდოვან და ციცაბო ბილიკებზე პლაჟის ფეხსაცმლით გადაადგილდებოდნენ, ტრავმებს იღებდნენ და მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციების ჩატარება ხდებოდა საჭირო.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ასეთ მარშრუტებზე ღია ტიპის ფეხსაცმელი უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. რეკომენდებულია სპორტული ან სპეციალური სალაშქრო ფეხსაცმლის გამოყენება.

ამავდროულად, მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ესპანეთშიც, თუმცა სხვა ფორმით. იქ მძღოლს 200 ევრომდე ჯარიმა ემუქრება, თუ ავტომობილის მართვისას აცვია ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც რეაქციის დროს ამცირებს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ჩუსტები, თავისუფალი სანდლები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან გარკვეულ შემთხვევებში, ფეხშიშველი მართვაც.

ევროპის ქვეყნებში ტურისტებს ურჩევენ, მთიან და საფეხმავლო მარშრუტებზე დახურული და მყარი ფეხსაცმელი ჩაიცვან, ხოლო ავტომობილში ყოველთვის იქონიონ ბრტყელძირიანი დახურული ფეხსაცმელი, რათა უსაფრთხოების ადგილობრივი წესები არ დაარღვიონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები