რადიო „არ დაიდარდოს“ ბექა მიქაძე სტუმრობდა. ეთერში ჯგუფის „ბანი“ ახალი ნამუშევრის „ლომისა“ პრემიერა შედგა.
ბექა, მოგვიყევი „ბანის“ ახალ სიმღერაზე „ლომისა“.
იყო რაღაც პერიოდი, როცა ცოტა მოვდუნდით, პანდემია, მთელი ამბები… ახლა, თითქოს, ახალი მოტივაცია წამოვიდა, თითქოს, უფრო მეტად მოვინდომეთ და წელიწადში 3-4 სიმღერას ვაკეთებთ. ეს სიმღერა უკვე არსებობდა, უბრალოდ, შენახული გვქონდა, რადგან გვინდოდა, უფრო მაგრად გაგვეკეთებინა. ეს არის ჩვენი მეგობრის, გოგა ნიკოლაძის სიმღერა, დიდი ხანია, რაც დაწერა და ძალიან უნდოდა, რომ გაგვეკეთებინა. ტექსტი ამირან ჭიღლაძემ დაწერა. სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოვიდა, პირადად მე, ძალიან მომწონს.
თქვენმა ახლობლებმა, მეგობრებმა როგორ შეაფასეს?
მეგობრებისგან ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა, „იუთუბზე“ რომ ვუყურებ კომენტარებს, ძალიან მოსწონთ. ლომისაზე სიმღერა ძალიან განსაკუთრებულია, არ არის ბევრი და ხშირი. არსებობს ვიდეოც, რომელიც ჩვენ თავად გადავიღეთ ჩაწერის დროს. ვიდეოს ინგლისურად ახლავს ტიტრები და ლომისას ისტორიას ჰყვება ეს ვიდეო.
კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი?
ახლა, ახალი წელი მოდის და ბევრი კონცერტები იქნება ქალაქშიც და რეგიონებშიც. დეკემბრის დასაწყისში, სოციალურ ქსელში უკვე დავდებთ ინფორმაციას, თუ სად და როდის იქნება კონცერტები. საზღვარგარეთ, რამდენიმე ევროპის ქალაქშიც ვგეგმავთ კონცერტებს.
ჯგუფი ბანი – ლომისა
გადაცემის ჩანაწერი