იუმორისტი ჯიმი აბესაძე, ანუ ჯაბოვიჩი, როგორც მას მოიხსენიებენ ხოლმე, ჟურნალ „გზას“ სოციალური ქსელებისა და მათი გავლენის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ სოცქსელებს ბევრ დროს აღარ უთმობს.
საუბრის დაწყებისას კი მითხარით, – სოციალურ ქსელებს ბევრ დროს არ ვუთმობო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ “ტიკტოკის” ლაივებსაც უყურებთ და საკმაოდ გათვითცნობიერებულიც ხართ. უინტერნეტოდ გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?
ბოლო დროს ასეთ რაღაცას მივაღწიე: სახლში რომ მივდივარ, ინტერნეტს საერთოდ ვთიშავ და ტელეფონს კარადის თავზე ვდებ. გიო გაბუნიასთვის ნათქვამი მაქვს, – თუ რამე დაგჭირდება, ჩემს შვილთან – ნუციკოსთან ან მეუღლესთან – ელოსთან დარეკე-მეთქი. ასე თავს ბევრად კომფორტულად, დასვენებულად ვგრძნობ… ყველას ვურჩევ, ოჯახთან უფრო ბევრი დრო გაატაროს, ვიდრე სოციალურ ქსელში. კი, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელები აუცილებელია, მაგრამ – დოზირებულად. ყველაზე დიდი პრობლემა სოციალურ ქსელებში ზედმეტი “ჩართულობა” და უცნობი ადამიანების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფაა… ისე, შეიძლება უინტერნეტოდ 1 დღეც ვერ გავძლო, ისე ვარ მიჩვეული. სოციალური ქსელები აუცილებელია – ზღვა ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ერთმანეთის შეურაცხყოფა, გინება მიუღებელია. საერთოდ, როგორც დედაჩემი იტყოდა, ჯობია, ერთმანეთთან ვილაპარაკოთ, ვიდრე ტელეფონში გვქონდეს თავი “ჩარგული”…