ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა განაცხადა, რომ გეგმავს ლეგენდარული ჯგუფის ლეგენდარული ალბომის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band 50 წლის იუბილე აღნიშნოს.
ამისათვის Rolls-Royce Phantom V, რომელიც ჯონ ლენონს ეკუთვნოდა, ლონდონში დაბრუნდება და ისტორიულად მნიშვნელოვან ავტომობილს საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს. ბრიტანული საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, უნიკალური Rolls-Royce Phantom V ამ მომენტისთვის კანადის მუზეუმში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს ავტომობილი ლონდონში, ბონდ სტრიტზე იქნება, სადაც ლეგენდარულ მუსიკოსს უყვარდა დასვენება. უკან, მუზეუმში კი ავტომობილი 2 აგვისტოს დაბრუნდება.
ჯონ ლენონმა Rolls-Royce Phantom V 1965 წლის 3 ივნისს შეიძინა. მუსიკოსმა აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა თავი „ექსცენტრულ მილიონერად” ეგრძნო, ამიტომაც შეარჩია ასეთი ავტომობილი.
1966 წელს ავტომობილმა მცირე დაზიანებები მიიღო, როდესაც ჯონს ფილმში „How I Won the War” იღებდნენ, მუსიკოსმა ავტომობილი გასარემონტებლად მიიყვანა და გააუმჯობესა.
ლენონმა ავტომობილს ტელეფონი, ტელევიზორი, კომფორტული უკანა დივანი, განსხვავებული საჭე და მაცივარი მიამატა. 1967 წლის აპრილში როკ-კუმირმა ავტომობილი თავის თაყვანისმცემლებს აჩვენა, რომელიც ფსიქოდელიურ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რაც თავად მუსიკოსმა ალბომ Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის პრემიერას დაუკავშირა.
ჯონ ლენონი ავტომობილს 1970 წლამდე იყენებდა.
საინტერესოა, რომ მუსიკოსს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, თუმცა, ამ ავტომობილის შემთხვევაში არც სჭირდებოდა, რადგან ის მძღოლთან ერთად მგზავრობისთვის იყო გათვლილი.
1970 წელს ჯონმა ავტომობილი ამერიკაში წაიყვანა, სადაც თავადაც დადიოდა და სხვა ცნობილ ადამიანებსაც თხოვნიდა, მათ შორის ბობ დილანსა და ჯგუფ The Rolling Stones-ს.
გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მუსიკოსმა ავტომობილი Cooper Hewitt Museum of Design-ს გადასცა, 1985 წელს Rolls-Royce აუქციონზე გაიყიდა და კანადელმა მეწარმემ, ჯიმი პატისონმა 2,3 მილიონ დოლარად შეიძინა. მოგვიანებით პატოსონმა Rolls-Royce პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიას აჩუქა.
ავტომობილი ლონდონში გამოფენა The Great Eight Phantoms-ის ნაწილი გახდება, რომელსაც კომპანია Rolls-Royce და აუქციონის სახლი Bonham’s მართავენ.