მარკ ჩეპმენს, დამნაშავეს, რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, შეწყალებაზე უარი მეთორმეტედ უთხრეს. ვადამდე გათავისუფლების თხოვნა შემდეგში მას მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შეეძლება. თუმცა, კომისია მას ყოველ ჯერზე უარს ეუბნება და ამ უარს საზოგადოების უსაფრთხოებით ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ npr.org ავრცელებს.
ლენონი ნიუ-იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. ჩეპმენმა ლეგენდარულ მუსიკოსს ზურგში 5 ტყვია ესროლა.
ლენონი მაშინ 40 წლის იყო და ის საავადმყოფოში დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა. ჩეპმენი მხოლოდ 25 წლის იყო და The Beatles-ის დამაარსებლის მკვლელობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა.
9 ოქტომბერს ჯონ ლენონის დაბადების დღეა, წელს მას 82 წელი შეუსრულდებოდა.