ბრიტანელმა მამაკაცმა ოჯახის შექმნა უჩვეულო გზით გადაწყვიტა. 29 წლის მუჰამედ მალიკმა ლონდონსა და ბირმინგემში ბილბორდები დაიქირავა და ზედ თავისი ფოტო განათავსა. ფოტოს წარწერაც მიაყოლა:“მიხსენით გარიგებით ქორწინებისგან“.
მამაკაცი ბანკის კონსულტანტად მუშაობს და როგორც ის აზუსტებს, სინამდვილეში გარიგებით ქორწინების წინააღმდეგი არ არის, უბრალოდ სურს რომ მეორე ნახევრის პოვნა თავადაც სცადოს. მისი იდეალური პარტნიორი აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს და საქმროს ოჯახთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
მუჰამედმა ბილბორდების დაქირავებამდე გაცნობის არაერთი მეთოდი სცადა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ. საბოლოო ჯამში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იმედი აქვს, რომ უჩვეულო მიდგომა გაამართლებს. მისი ბილბორდები ქალაქის ქუჩებში 14 იანვრამდე დარჩება, რაც საცოლის პოვნის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.