ტუნინგი ძვირი საქმეა მყიდველისთვისაც და მწარმოებლისთვისაც. თუმცა შედარებით მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება სერიულისგან განსხვავებული ავტომობილის შექმნა. ადრე ტუნინგი არ იყო ბიზნესის პოპულარული მიმდინარეობა, თუმცა მაშინ მომხმარებელი ერთ შასიზე ინდივიდუალური ძარების დაყენებას ეტანებოდა. საქმე იოლი არ იყო, რადგან დიზაინერთა განკარგულებაში არ იყო კომპოზიციური მასალების საოცარი ტექნოლოგია.
ამ ავტომობილს, რომელიც ტუნინგის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უძვირესი ნიმუშია, DiDia 150 ჰქვია.
სახელი ავტორის გვარიდან მოდის. ის ტანსაცმლის სტილისტმა, ენდრიუ დიდიამ შეიმუშავა და დაამზადა. მას პროექტი 1953 წელს შეუდგენია, რომლის განხორციელებასაც ოთხი წელი მოანდომა.
ავტორმა „დიდია 150-ის“ საფუძვლად „კადილაკ ელდორადო“ გამოიყენა. მის კაპოტქვეშ 6-ლიტრიანი V8 ძრავა ჩადგა, რომელიც ავტომობილს 335 ცხენის ძალით ამარაგებს. მასთან წყვილში 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს. თავისი ავტომობილისთვის ენდრიუმ მის მიერ შემუშავებული ალუმინის ძარის დამზადება, ატელიე „კლარკ კაიზერ კასტომზს“ შეუკვეთა.
იმ დროს ავტომობილებზე ზორბა კილები (თვითმფრინავების სტილის) მოდა იყო, მაგრამ „დიდია 150“ ამ მხრივ გამორჩეულია. ამ ავტომობილს სხვა ბევრი რამეც საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი. მაგალითად, დიდი ზომის პანორამული შუშები, რადიატორის „მტაცებლური“ ცხაურა, რომლის მსგავსი პანელები გვერდებზეც გრძელდება, უკანა დიდრონ ფოსოებში მოთავსებული ფარები, რომლებიც სამხედრო თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების საქშენებს მოგვაგონებს, წინა ბამპერი, მის ორივე კიდეში განლაგებული პილონებით, რომლებშიც ფარებია მოთავსებული…
„დიდია 150-ის“ სალონი მდიდრულადაა გაწყობილი და ეკიპირებული. მგზავრების კომფორტს კლიმატ კონტროლი ემსახურება. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა წვიმის გადამწოდი, მოხვევის ავტომატური მაჩვენებლები და მძლავრი აუდიო სისტემა.
ენდრიუ დიდიამ თავისი ქმნილება თავის დროზე, 150 ათას დოლარად შეაფასა, რაც ახლანდელი კურსით, 1.5 მილიონს აღწევს. „დიდია 150“ სწორედ ამ ფასად შეუძენია მომღერალ ბობი დარენს. ის ამ საოცარი ავტომობილით ხშირად გადაადგილდებოდა და ხანდახან მას ავტოშოუებზეც კი გამოფენდა ხოლმე.
ამ ბორბლებიანი სკულპტურის ჩვენებით ბევრი საავტომობილო შოუ იყო დაინტერესებული, რადგან ავტომობილი სამართლიანად ითვლებოდა ვარსკვლავად. 1961 წელს ავტომობილი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზეც კი გამოჩნდა. დარენი „დიდია 150-ით“ ცხრა წელი ამაყობდა, მერე კი ის კერკვუდის საავტომობილო მუზეუმს გადასცა, სადაც ის ამჟამადაც დგას.