ქალაქ ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარმუდგინა და სამომავლო რეკომენდაციები გააცნო. დაჯილდოვდნენ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებიც. ასევე, შედგა სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
პროექტის მიზანს E60 ჩქაროსნულ გზატკეცილისა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. კამპანია უკვე 4 თვეა გრძელდება და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის:
– 24 შეხვედრა როგორც მსუბუქი, ასევე სატრანზიტო და მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე;
– საგანმანათლებლო ტრენინგები გზატკეცილის მიმდებარედ განლაგებული 15 სკოლის 1500-მდე მოსწავლესთან.
შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც გულისხმობს ხილვადობის ღონისძიებებს და ქვეითებისათვის ამრეკლი საშუალებების (რეფლექტორები, ჟილეტები) დარიგებას. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები კერძო და საზოგადოებრივ სექტორთან ერთად. პროექტის სოლიდარობის კამპანიაში ჩართულები იყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“-თან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.
georoad.ge