კატალიზატორების მოხშირებულმა ძარცვამ Toyota USA აიძულა, ახალი ოფცია დაემატებინა. Toyota-ს 2023 წლის მოდელებისთვის შესაძლებელი იქნება დამცავი ეკრანების შეკვეთა, რომელიც კატალიზატორს დამალავს. აქსესუარი ავტომობილს ქვემოდან უმაგრდება და კომპლექტში იქნება „არასანქცირებული წვდომისგან დამცავი ხრახნები“, რაც ქურდობას მაქსიმალურად გაართულებს. ახალი ოფცია Toyota Prius-ის მეხუთე თაობას დაემატა.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დამცავი ეკრანი „პრიუსის“ ახალი თაობის ოფციებში უკვე არის გაწერილი და მის მისაღებად 140 დოლარის დამატებაა საჭირო. საინტერესოა, რომ ამ თანხაში არ შედის მონტაჟის ფული: ავტომფლობელებს მოუწევთ რომ ამ საკითხს თავად მიხედონ, ანდაც აქსესუარი დილერს დაამონტაჟებინონ და დამატებითი თანხაც გადაიხადონ.