LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატის ან ძაღლის ყოლა დემენციასთან ბრძოლას უწყობს ხელს – ახალი კვლევა

106
Screenshot_1

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ადამიანს ხანდაზმულ ასაკში დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობა თანდათან ასაკში შედის და დემენციის შემთხვევები იზრდება, მეცნიერებმა შესაძლოა მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ფაქტი აღმოაჩინეს — შინაური ცხოველები სასწაულებს ახდენენ.

როგორც The Guardian წერს, შინაური ძაღლების მფლობელები, კვლევის მიხედვით, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ მეხსიერებას, ხოლო კატების მფლობელებს კომუნიკაციის უნარი უნარჩუნდებათ მეტ ხანს. რაც შეეხება თევზებსა და ჩიტებს — მათ შემთხვევაში ასეთი კავშირი არ დაფიქსირებულა.

კვლევა, რომელიც 18-წლიან პერიოდს მოიცავდა და 50 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების მონაცემებს ემყარებოდა, ჟენევის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ადრიანა როსტეკოვამ ჩაატარა. მისი თქმით, განსხვავებული სახეობის ცხოველები გონების ფუნქციონირებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ და სწორედ ძაღლებისა და კატების შემთხვევაში შეინიშნება დადებითი ეფექტი.

„თევზებისა და ჩიტების ყოლა შესაძლოა ნაკლებ ემოციურ კავშირს იწვევდეს — თევზების ხანმოკლე სიცოცხლე და ჩიტების “ხმაურიანობა” მაგალითად, უარყოფითად მოქმედებს ძილზე, რაც თავის მხრივ ტვინის ფუნქციების შემცირებას იწვევს,“ — ამბობს როსტეკოვა.
მეცნიერის განმარტებით, ძაღლებთან და კატებთან ურთიერთობა გონებრივ სტიმულაციას და სოციალურ ჩართულობას უწყობს ხელს, რაც შეიძლება იყოს გონებრივი ფუნქციების შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი.

სხვა კვლევების თანახმად, ძაღლებთან ურთიერთობა აძლიერებს ტვინის წინა ნაწილში აქტივობას, აუმჯობესებს ყურადღებასა და ემოციურ რეაქციებს, ხოლო კატებთან კონტაქტი ამავე ზონასთან ერთად გავლენას ახდენს იმ არეზეც, რომელიც გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ ქცევებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი.

როგორც როსტეკოვა აღნიშნავს, შესაძლოა ეს ცხოველები სოციალური კავშირების ფუნქციასაც ასრულებდნენ — ძაღლები პირდაპირ, კატები კი ემოციურად, რაც, თავის მხრივ, გონების სიჯანსაღეზე მოქმედებს.

NHS-ის (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსმა დასკვნებმა შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ჯანსაღ დაბერებასთან და შინაურ ცხოველებთან მიმართებაში.