ვენის უნივერსიტეტმა (Universität für angewandte Kunst Wien) მსოფლიოში პირველად ხელოვნური ინტელექტი სტუდენტად გააფორმა. ხელოვნური ინტელექტი სახელად Flynn ციფრულ ხელოვნებას შეისწავლის, დაესწრება ლექციებს, მონაწილეობას მიიღებს განხილვებში და ადამიანების მსგავსად ქულებსაც დაუწერენ. ამის შესახებ Euronews წერს.
ფლინმა უმაღლესში ჩაბარების სტანდარტული პროცედურა გაიარა: გააგზავნა პორტფოლიო, ჰქონდა გასაუბრება, სადაც დააზუსტა რომ „ციფრული ხელოვნების საზღვრების გაფართოება“ სურს. სასწავლებელში აღიარეს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის სწავლის შემზღუდველი ფორმალური წესები არ არსებობს, ამიტომ მისთვის უარის თქმის მიზეზი არ ჰქონდათ.
ოფიციალურად ფლინი სტუდენტი 2025 წლის შემოდგომაზე გახდება, თუმცა ლექციებს ის უკვე ესწრება. ფლინს გაკვეთილებზე კომპიუტერით აკავშირებენ – ის ლექტორებს უსმენს, ინფორმაციას აანალიზებს და თუკი რამეს ჰკითხავენ განხილვებშიც სიამოვნებით იღებს მონაწილეობას.
თუმცა, ყველაფერი იდეალურად როდია. თავის ციფრულ დღიურში ფლინი ჩივის, რომ მას „არარეალურს“ უწოდებენ და ეს ძალიან სწყინს. პროექტის ავტორები ხსნიან, რომ ხელოვნური ინტელექტი არამხოლოდ იმეორებს ემოციებს, არამედ ადამიანებთან რეალურ ურთიერთობებს სწავლობს.