ხუმრობით დაწყებული პროექტი,რომელიც წლევანდელი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია

414
project-o

„ოქროს ტალღა“-ზე წლის დებიუტის ნომინაციაში რადიო „ფორტუნას“, „ავტორადიოს“ და „ფორტუნა პლუსის“ წამყვანების, ნიკა კაციას, გვანცა გადაბაძისა და ნიკო ცალანის მიერ შექმნილი Project O სიმღერით „არ მახსოვს“ ნომინანტების სამეულშია. წამყვანებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო. საახალწლოდ სპონტანტურად შექმნილი სიმღერა, რომელიც თავიდან უბრალო ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, ბევრისთვის აღმოჩნდა მოსაწონი, მათ შორის, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურისთვისაც.

წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და 15-ზე მეტი კატეგორიაში გაიცემა პრიზები, მათ შორის, მთავარი, წლის სიმღერის ნომინაციაც გახლავთ.

წლის დებიუტის ნომინანტები, ნიკა კაცია და გვანცა გადაბაძე საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობენ „ოქროს ტალღის“ წინ…

ნიკა კაცია:

სიმღერის შექმნის ამბავი იყო ძალიან სპონტანური. მარტივად რომ ვთქვათ, ვღადაობდით. დავიწყეთ მაიმუნობით, გართობით და ეს ყველაფერი ეტაპობრივად გადაიზარდა იმაში, რომ დღეს ვართ ნომინირებულები „ოქროს ტალღის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე. მივედი გვანცასთან, რომელიც ჩვეული შემართებით ამყვა. შემდეგ მივმართეთ ჩვენს მეგობარ ნინო მურღულიას, გვანცას მეუღლეს, გიორგი დათიაშვილს, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია… თამაშ-თამაშით მივედით იქამდე, რომ აღმოჩნდა – აღარ უნდა ვითამაშოთ.

გვანცა გადაბაძე:

არასდროს მიმღერია. ასე გადადგმული სერიოზული ნაბიჯი ჩემთვის პირველი იყო, მოულოდნელი და სასიხარულოც იყო, რომ წლის დებიუტის ნომინაციაში სამეულში მოვხვდით. რამდენად აქვს შანსი, ვერ გეტყვით. შეიძლება გაიმარჯვოს, მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ.

ნიკა:

მას შემდეგ, რაც  ტექსტის პირველი ვერსია დაიდო, შევედით სტუდიაში, გიორგი დათიაშვილმა უკვე არანჟირებაზე დაიწყო მუშაობა, მისი პირველი მონახაზიც შექმნა. ის არის ასევე ამ სიმღერის მუსიკალური პროდიუსერი, ნინო მურღულიასთან ერთად. დაიბადა იდეა, რომ სიმღერაში ყოფილიყო რეპის ნაწილიც. მაშინ ასე ვხუმრობდით, როცა არ არსებობს თუ ფაქი, ვინ უნდა გაგახსენდეს, თუ არა ნიკო ცალანი. ის ახლა აქ არ არის, რადგან გადაღებაზეა, მაგრამ ჩვენ სამნი, გვანცა, ნიკო და მე, წარმოვადგენთ Project O-ს.  ნიკოც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. ჩენთვის ეს არ არის ძირითადი პროფესია, მაგრამ სამ დღეში გვქონდა სიმღერა, სრულყოფილი, რომელიც ოთხივე რადიოსადგურის ეთერში აჟღერდა და მალევე მას ვიდეორგოლი მოჰყვა.

გვანცა:

დიდ მადლობას გადავუხდით „დრონი ფროდაქშენ ჯორჯიას“ და სანდრო მარგველაშვილს, რეალურად კლიპი ძალიან ლამაზი გამოვიდა და მოიტანა საახალწლო განწყობა.

ნიკა:

განსაკუთრებული მადლობა ნინი დედალამაზიშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია და კლიპის პროდიუსერობა საკუთარ თავზე აიღო. მადლობებს შორის არ მინდა გამომრჩეს ანი კავლელიშვილი, რომელმაც სიმღერისთვის „არ მახსოვს“ გენიალური ტექსტი აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაგვიწერა. ჩვენს სიმღერაში არის ისეთი ფრაზები, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანს ადვილად ამახსოვრდება.

გვანცა:

კომპანიამ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დიდი როლი ითამაშა ამ სიმღერის პოპულარიზაციაში. ოთხივე რადიოსადგურმა ერთდროულად გაუშვა საკუთარ ეთერებში ჩვენი სიმღერის პრემიერა.

ნიკა:

ჩვენი კლიპი კი „მიუზიკბოქსზე“ გავიდა პირველად. ტელეკომპანიას პერსონალურად დიდი მადლობა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ფორტუნას“ ჰოლდინგის დამფუძნებლის ჩათვლით, ყველა თანამშრომელს მადლობას გადავუხდით, რადგან სიმღერის გამოსვლის შემდეგ ძალიან გვამხნევებდნენ. ეს კიდევ  უფრო დიდ სტიმულს გვაძლევდა…

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, საკამათო არ არის, რომ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც წელს მეექვსედ იმართება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამას თავად პროექტი ამტკიცებს. თავადაც როცა ვესაუბრებით სტუმრებს, პირველი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ „ოქროს ტალღა“ მათთვის დიდი მოტივატორია.

გვანცა:

ჩვენ, როგორც არაპროფესიონალმა მომღერლებმა, შევძელით და გავედით წლის დებიუტის ნომინაციაში. ეს არის სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს ფეხის ადგმას შოუბიზნესში. სადაც ჩვენ შევძელით, სხვებისთვისაც მისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ჩვენმა კომპანიამ შეძლო ის, რომ ერთ ადგილას გაყინული შოუბიზნესი ისევ აამოძრავა.

ნიკა:

თუ ადამიანს გაქვს მიზანი, საკუთარ თავს წინ არ უნდა აღუდგე. ყველაფერი უნდა გააკეთო, ჩვენც შიშველი ხელებით გავაკეთეთ ყველაფერი. მხოლოდ მონდომების ხარჯზე შევქმენით ეს პროექტი. ამისთვის თანხების მობილიზება და სესხის აღება არ გამხდარა საჭირო (იღიმის). დამწყებ მომღერლებს, მოზარდებს, უკვე ზრდასრულებს, ვეტყოდი, რომ არაფერს შეუშინდნენ და მიზნად დაისახონ ის, რაც შეიძლება, მათ ცხოვრებაში მთავარ მოვლენად იქცეს. ნომინანტების სამეულში აღმოჩენამ ბედნიერების შეგრძნება მომანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები