ხვიჩა მაღლაკელიძე ფულის ხარჯვის თემაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს. მუსიკოსი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ როცა ფულის გამომუშავება დაიწყო, დიდ წილს სამეგობროში ხარჯავდა:
– ცოტას მოტეხვას ვასწრებდი და სამეგობროსთან ერთად ვერთობოდი. მიდიოდა ქეიფი და გულაობა. ახლა ნახევარზე მეტი, ვინც ჩემი ფულით გულაობდა და ქეიფობდა, გამარჯობას არ ამბობს. ესეც ჩვეულებრივი ამბავია. დანარჩენი ოჯახს ხმარდებოდა, მშენებლობა გვქონდა სახლში, ლოჯი მოვაშენეთ კორპუსს, რომელიც დღემდე გვაქვს აივნად. ახლა უშველებელი ვერანდა მაქვს და მეოთხე სართულზე ვენახი მაქვს გაშენებული. დანარჩენი, მასესხე, აქეთ-იქით და კაციშვილს უკან არ დაუბრუნებია. ზოგი ციხეშია, ზოგი ცოცხალი არ არის, ზოგი ცოცხალია, მაგრამ ალბათ, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ ვერ ვიცნო (იცინის).
– ბინისთვის აგროვებდით თანხას?
– მაგ პერიოდში თბილისში ძალიან სერიოზული სამსახური დავიწყე. კაი კაცთან მოვხვდი და მაშინ მქონდა საშუალება, რომ უცებ დამეგროვებინა. რა დავმალო, ბადრი პატარკაციშვილთან ვმუშაობდი და მე და ჩემს კოლეგებს ძალიან დიდი ხელფასი დაგვინიშნა. მაშინ შევიძინე ეს ბინა. სახურავი, საწოლი და უნიტაზი რომ გაქვს, ამაზე უკეთესი რა გინდა. მანქანა 2010 წელს რომ ვიყიდე, დღემდე ის მყავს, მოვკვდი მაგის რემონტებით. არ ვარ მანქანაზე შეყვარებული ადამიანი, ჩემთვის ის, უბრალოდ, გადაადგილების საშუალებაა.
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა სულიერი თუ ხორციელი, ყველაფერი, რასაც მუსიკასთან დაკავშირებულს შევიძენ. გიტარა იქნება თუ რამდენიმესაუკუნოვანი ნოტები, რომელიც აუქციონზე იყიდება, ოქროს ან ვერცხლის სიმები და ასე შემდეგ. ასეთი რამეები ძალიან მიტაცებს, თორემ ტანზე ლილოში რომ ხუთი წლის წინ მაისური ვიყიდე, ახლაც ის მაცვია.