ხვიჩა მაღლაკელიძე: „ოქროსი იქნება, ვერცხლის თუ ბრილიანტის, ყველა კონკურსს მივესალმები…“

36

ხვიჩა მაღლაკელიძე „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერითაა წარდგენილი, ერთი სოლოსიმღერაა სახელწოდებით „ემიგრანტები“, მეორე კი – დუეტი გოჩა იაშაღაშვილთან ერთად. ორივე სიმღერა ემიგრანტების დაწერილია.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

გადასარევი აზრის ვარ „ოქროს ტალღაზე“. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? კომპოზიტორებისა და მომღერლებისთვის დიდი სტიმულია, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები, შექმნან უკეთესი სიმღერები, უფრო სმენადი და გემოვნებიანი. ოქროსი იქნება, ვერცხლის თუ ბრილიანტის, ყველა კონკურსს მივესალმები (იღიმის), ტალღებიც აუცილებელია…

რაც შეეხება თქვენს ნომინანტ სიმღერებს…

დუეტი ჩემს ბავარიელ მეგობართან ერთად ჩავწერე. ეს გახლავთ გოჩა იაშაღაშვილი, ეს ჩვენი პირველი დუეტის გამოძახილია, ისეთი პოპულარული გახდა, რომ გოჩამ გადაწყვიტა, ასეთივე ძარღვიანი და ჯიგრული მეორე სიმღერაც უნდა დავწეროო, რომ დაწერა, გადაწყვიტა, რომ ისევ ჩემთან ერთად ჩაეწერა და გახდა ძალიან პოპულარული, ყველგან ისმის. გოჩა აქაც და იქაც, სადაც ცხოვრობს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

რაც შეეხება მეორე სიმღერას – „ემიგრანტები“, ის იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს, ლია ცეცხლაძეს ეკუთვნის. აქ რომ არის, ერთი სული აქვს, იტალიაში როდის წავა და იქ რომაა, იქიდან საქართველოში როდის დაბრუნდება, ამ აქეთ-იქით სიარულში დაწერა ეს სიმღერა, მე კი სიამოვნებით ჩავწერე. გულით ნამღერი სიმღერააა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები