კისერმრუდობა კისრის დეფორმაციაა. ამ დროს თავი დახრილია ცალ მხარეს და ოდნავ უკან არის მიბრუნებული. კისერმრუდობა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს შორის. თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის პათოლოგიაა. დაბადებისთანავე კისერმრუდობა ბავშვების დაახლოებით 1%-ს უვლინდება. ზოგიერთ ახალშობილს ეტყობა მხოლოდ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასქელება ცალ მხარეს ან სახის ასიმეტრია. მოგვიანებით დაავადებულ მხარეს კუნთი ზრდაში ჩამორჩენას იწყებს, ხოლო სიცოცხლის მესამე კვირას უკვე შესამჩნევია თავის დახრა დაავადებულ მხარეს და სახის ჯანმრთელ მხარეს მიბრუნება.
თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები – აწეული, სახე, ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი – ასიმეტიული, თვალი და წარბი დაავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება, იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება. ორმხრივი კისერმრუდობის დროს დაავადებულს თავი უკან აქვს გადაწეული და მიბრუნება-მობრუნება უჭირს.
კისერმრუდობის ადრეული გამოვლენისას პროგნოზი საიმედოა, ხოლო ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, როცა ქალას ასიმეტრიულობა უკვე ფორმირებულია, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა: ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია; ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია; ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა.