თუ გურმანი ხართ და ყავა მისი გემოსა და არომატის წყალობით მოგწონთ, მაშინ თქვენ უმცირესობას მიეკუთვნებით. ფრანგი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომ 10-დან 6 მამაკაცისთვის, ყავა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე, ისინი არა თუ ყურადღების კონცენტრირებას, ძილის შემდეგ, გამოფხიზლებასაც ვერ ახერხებენ. ამგავრი ”ნარკომანები” დილის ესპრესოს ან ამერიკანოს გარეშე მთელი დღე გაღიზიანებული არიან და კოფეინის მწვავე მოთხოვნილებას განიცდიან.
ექიმების მტკიცებით, ყავის დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია, მაგრამ რა ვქნათ თუ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია?! – გამოსავალი არის და სხვათაშორის, საკმაოდ მარტივი. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას კოფეინის გარეშე მხნეობის შესანარჩუნებლად და ყავაზე საკმაოდ სოლიდურ თანხის დასაზოგად.
* დღის სინათლე – პირველ რიგში მოაწესრიგეთ საკუთარი ბიოლოგიური საათი. გააღეთ ფანჯრები და დღის სინათლესთან ერთად ოთახში სუფთა ჰაერიც შემოუშვით, რადგან სწორედ ბუნებრივი სინათლე კვებავს გონებას და ეხმარება მას ”კარგი განწყობის ჰორმონის” – სეროტონინის გამომუშავებაში.
* ფიზიკური აქტივობა – დიდი ხანია მედიკოსები დილის ვარჯიშის აუცილებლობას გვიმტკიცებენ. სხვათაშორის, ეს მართლაც ძალიან სასარგებლო და ეფექტურია, რადგან ხუთწუთიანი ფიზიკური დატვირთვაც კი, შეგმატებთ მხნეობას მთელი დღის განმავლობაში.
* ათი წუთის წესი – მიეჩვიეთ გაღვიძებიდან 10 წუთში ადგომას. როგორც კი, სწრაფად ადგომა ჩვეულებად გექცევათ, გამოფხიზლება და ძალების მობილიზაციაც ბევრად გაგიადვილდებათ.
* აქტიური მუშაობა – დაიწყეთ დღე შემოქმედებითი იდეებით, რადგან ორგანიზმთან ერთად გონებაც გააღვიძოთ. სხვათაშორის, გონებრივი მუშაობა დეპრესიისგან სწრაფად განთავისუფლებაშიც დაგეხმარებათ.
* საუზმე – არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ საუზმე, რადგან სწორედ ის ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით და გეხმარებათ შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში.
* დღის რეჟიმი – შეიმუშავეთ დღის რეჟიმი და ეცადეთ ყოველდღე ერთ განსაზღვრულ დროს დაიძინოთ. შეგიძლიათ გვიან დაიძინოთ, მაგრამ აუცილებლად ერთდაიგივე დროს. სასურველია, დილაობითაც მკაცრად განსაზღვრულ დროს გაიღვიძოთ და შეაჩვიოთ ორგანიზმი თქვენს მიერ დადგენილ დროში ძალების აღდგენას და გამოფხიზლებას.
* მუსიკა – დაიწყეთ დილა საყვარელი სიმღერის მოსმენით. აუწიეთ მუსიკას მაღალ ხმაზე და თავადაც იმღერეთ. გამოცდილი ადამიანების განცხადებით, არაფერი არ აფხიზლებს ისე კარგად როგორც ენერგიული მუსიკა.