რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები – რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „აჭარული“ რადიო პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმრებმა 15 მაისს დაგეგმილ კონცერტზეც ისაუბრეს.
ვისაუბროთ თქვენს კონცერტზე, რომელიც 15 მაისს გაიმართება, როგორია პროგრამა?
რეზო: შეიძლება, თამამად დავაანონსოთ, რომ სიურპრიზები და სანახაობა იქნება. ჩემი აზრით, ეს კონცერტი ქართული, სტანდარტული მიდგომებისგან განსხვავებული იქნება. კონცერტის სახელწოდებაა „ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით“. კონცერტი 17 საავტორო სიმღერისგან შედგება. იქნება სიახლეებიც. მაყურებელს წარმოუდგენელი სანახაობა ელოდება. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ სიმღერას „მეგობარო“ ჩვენთან ერთად რომა რცხილაძე დაუკრავს.
როგორც ვიცი, კონცერტი პატრიოტულ ნოტაზე დასრულდება…
რაც შეეხება კონცერტს და პატრიოტულ განწყობას, პატრიოტული განწყობა არ მოდის ციდან და ზოგადად, ესე უბრალოდ არ ისწავლება. არ არის შესაძლებელი, რომ ადამიანი პატრიოტი ერთ საათში გახადო. ამას რაღაცების ჩაფიქრება და ანალიზი სჭირდება. მთელი კონცერტი დრამატურგიულად ამას ემსახურება. კონცერტის დრამატურგია მოიცავს იმასაც, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის ერთ-ერთ სიმღერასაც შევასრულებთ. ყველაფერი, რაც კონცერტზე მოხდება ძალიან კონცეფციური და ნიშანდობლივია.
სრულიად განსხვავებული რეპერტუარი გაქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ კონკურენტი არ გყავთ, როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი?
მე მომწონს და მაწყობს ის, რასაც ამბობ. ჩვენ კონკურენციის არ გვეშინია. კონკურენცია თუ იქნება, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენზე მოთხოვნას.
რას იტყვი „ჰეითერებზე“, მოქმედებს თქვენზე ეს ყველაფერი?
თავიდან მოქმედებდა, მაგრამ მერე ხვდები, რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ. შენი საქმე უნდა აკეთო და შენი საქმე გაიმარჯვებს.
მუნიციპალიტეტებზე შექმენით სიმღერები, ვისაუბროთ ამ თემაზეც.
დაახლოებით, 30 სიმღერა გვაქვს გაკეთებული, ნაწილი უკვე დაიდო, ნაწილი კი დაიდება. სადაც ვართ ნამყოფი, ვცდილობთ, რომ ყველა იმ ქალაქზე დავწეროთ.
მოგვიყევით სიმღერაზე „აჭარული“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.
ლელო: ეს კარგი სიმღერა ჩვენ ჟირაფი ჟოზესთვის დავწერეთ და აქვს 17 მლნ ნახვა. ალბათ, არ არსებობს ოჯახი, სადაც ეს სიმღერა ჩართული არ არის. ჩვენც ჩვენებურად ვიმღერეთ და ეს ვერსიაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
რეზო და ბავშვები – აჭარული (მულტფილმიდან “ჟოზე”)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
რეზო და ბავშვები – ყურსასმენები
რეზო და ბავშვები. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”