საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედია წერდა, ახლა უკვე თავად შოთამაც დაწერა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპეციალისტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მას ასთმა აწუხებს.
შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა
სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის.
ამ ამბავს გამოეხმაურა შოთას ძმა არჩილიც. ტყუპისცალის თქმით, მის ძმას კორონავირუსი სწრაფი ტესტის შემდეგ დაუფიქსირდა, „პისიარ“ ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
„10 სექტემბრიდან შოთიც და სხვა აზიური კლუბები არიან ყატარში, იქ ტარდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური თამაშები. იქ ყოველ დღე მოწმდებიან სწრაფი ტესტებით და გუშინ, გვიან საღამოს, ერთ-ერთმა ყოველდღიურმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და დღეს, ალბათ, „პისიარ“ ტესტს გაუკეთებენ. ხვალ უკვე ეცოდინება ნამდვილად აქვს თუ არა კორონავირუსი. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, როგორც თავად მითხრა, გუშინ პასუხის გაგების შემდეგ ინერვიულა და 37.2 გრადუსი დაუფიქსირდა ტემპერატურა. დღეს არც სიცხე აქვს და არც სხვა დამახასიათებელი სიმტომი და კარგად არის“, – განაცხადა არველაძემ.