LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვებითი ალერგია

104
კვებითი ალერგია

კვებითი ალერგიის საფუძველს წარმოადგენს იმუნური სისტემის რეაქცია, ამა თუ იმ პროდუქტში შემავალ ცილაზე. კვებითი ალერგია განუკურნებელია. ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, კიბოსნაირი მოლუსკები: კიბორჩხალები, ლობსტერები, კრევეტები; ხის თხილეული (ნუში, ნიგოზი), მიწის თხილი, ხორბალი, სოიო, სეზამი, კენკროვნები (მარწყვი), ციტრუსები, შოკოლადი და სხვა. რძე ყველაზე გავრცელებული ალერგენია ჩვილებსა და ბავშვებში.  ზოგიერთ ადამიანში რძის ცილის ალერგია მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. ალერგია კვერცხზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. კვერცხში შემავალი ცილებისადმი განვითარებული იმუნური რეაქცია ხშირად ძალიან მძაფრია. არაქისზე ალერგია იძლევა მყარ და ძლიერ რეაქციას. როგორც წესი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. კიბოსნაირი მოლუსკები კვებითი ალერგიების 2%-ს შეადგენს. ხშირია როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში. გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ცალ-ცალკე ქვეჯგუფებად იყოფა ალერგიები თევზეულზე, კიბორჩხალებზე და მოლუსკებზე. ხილისა და ბოსტნეულის მიმართ ალერგია იშვიათად იწყება მცირეწლოვან ასაკში. როგორც წესი ვლინდება 13-18 წლის ასაკისთვის და შემთხვევათა უმეტესობაში მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. გამონაკლისია კარტოფილის მიმართ ალერგია, რომელსაც ახასიათებს ტოლერანტობის ჩამოყალიბება. კაკაო 5 წლამდე ბავშვებში ატოპიური დერმატიტის განვითარების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

კვებითი ალერგიის სიმპტომებია: ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და გამონაყარი, ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირის ღრუს ლორწოვანზე, სახის, ტუჩების ან/და ენის შეშუპება, ღებინება დიარეა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, სპაზმური ხველა, თავბრუსხვევა და გაბრუება, ხორხის და სახმო იოგების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმის ტემბრის ცვლილება, ცნობიერების დაკარგვა. კვებითი ალერგიების სიმპტომები ხშირად საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს უკიდურესი ფორმით – ანაფილაქსიის სახით, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები