კვიპროსი ხელოვნურ რიფებს წყალქვეშა დრონებით დააკვირდება. ეს მოწყობილობა, რომელიც კამერებითა და გადამცემებითაა აღჭურვილი, წყალქვეშ ერთი თვის გატარებას შეძლებს. დრონი რიფების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს, ასევე გააკონტროლებს უკანონო თევზაობას და დაცულ ზონებში გემების შეჭრას. სიახლის შესახებ Euro News წერს.
რიფები ეს წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვანი მაცხოვრებლების „სახლია“. რიფებში ცხოვრობენ მცენარეები და მიკრო ორგანიზმები, რომლებიც თავის მხრივ თევზებს იზიდავენ. ადამიანის საყოფაცხოვრებო საქმიანობის გამო ბინადრობის ეს ბუნებრივი სივრცე ირღვევა. სწორედ ამ მიზეზით თევზის არაერთი სახეობა გადაშენდა.
რიფებს ეკოლოგიური ცემენტის გამოყენებით 3D პრინტერზე დაბეჭდავენ, შემდეგ კი ლიმასოლის სანაპიროსთან, 20 მეტრის სიღრმეში დაამონტაჟებენ.
წყალქვეშა დრონები ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული, გაზომავენ წყლის ტემპერატურას, განათების დონეს, დააკვირდებიან წყლის ბინადრებს და სხვა პარამეტრებს.
დრონებს შეუძლიათ წყლის ქვეშ ავტონომიურად გადაადგილდნენ და მონაცემები თანამგზავრული კავშირით გაგზავნონ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ უკანონო აქტივობის აღმოჩენა, მაგალითად, ბრაკონიერების პოვნა და ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება.