გერმანელი მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, ინტერნეტის ხშირი გამოყენება მნიშვნელოვნად უკავშირდება გაუარესებულ განწყობას, სტრესის მაღალ დონესა და ყოველდღიური მნიშვნელოვანი საქმიანობის უგულებელყოფას. კვლევის შედეგები The Guardian-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში გერმანიაში მცხოვრები 900 ზრდასრული მონაწილეობდა. ორი კვირის განმავლობაში ისინი ყოველდღიურად აფიქსირებდნენ, რამდენ დროს ატარებდნენ ინტერნეტში, როგორ განწყობაზე იყვნენ, რამდენად სტრესულად გრძნობდნენ თავს და ხომ არ ტოვებდნენ უყურადღებოდ სამუშაოს, სწავლას, ფიზიკურ აქტივობას ან მეგობრებთან ურთიერთობას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტის ჭარბი გამოყენებისკენ მიდრეკილება ჰქონდათ, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ უარყოფითი ემოციები, მაღალი სტრესი და ყოველდღიური მოვალეობების უგულებელყოფა. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ცუდი განწყობა ან სტრესი არ არის – ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს მოულოდნელი სურვილი (ცდუნება), ადამიანი კვლავ ონლაინ სივრცეს დაუბრუნდეს. სწორედ ეს იმპულსი აძლიერებს ინტერნეტის ხშირ გამოყენებას.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ინტერნეტის გამოყენება თავისთავად პრობლემა არ არის. ონლაინ აქტივობა შეიძლება სიამოვნების, დასვენებისა და სტრესის შემცირების წყაროც იყოს. თუმცა, როდესაც ის სხვა მნიშვნელოვან საქმიანობას – ფიზიკურ აქტივობას, ბუნებაში ყოფნას, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას ან სამსახურს ანაცვლებს, ეს უკვე ადამიანის კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
მკვლევრების შეფასებით, ინტერნეტზე პრობლემური დამოკიდებულების პრევენციისთვის ყურადღება მხოლოდ სტრესის შემცირებაზე კი არა, არამედ ონლაინ სივრცეში შესვლის იმპულსის მართვაზეც უნდა გამახვილდეს. მათი თქმით, სწორედ ამ მექანიზმის უკეთ გააზრება დაეხმარება სპეციალისტებს უფრო ეფექტური პრევენციული და სამკურნალო მიდგომების შემუშავებაში.