ამერიკელი მეცნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელები ყველაზე მაღალი სიზუსტით რთულ დავალებებს მაშინ ასრულებენ, როდესაც მოთხოვნებს პოლონურ ენაზე იღებენ. კვლევის ავტორების თქმით, ეს შედეგი მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ინგლისური, რომელიც AI მოდელების სწავლების მთავარი ენაა, მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავიდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ექვსი პოპულარული ენობრივი მოდელის მუშაობა 26 სხვადასხვა ენაზე. ყველა მოდელს ერთნაირი დავალებები მიეწოდა, რათა შეფასებულიყო, თუ რომელ ენაზე პასუხობდნენ ისინი ყველაზე ზუსტად.
შედეგების მიხედვით, პოლონურ ენაზე მოდელებმა სწორი პასუხები საშუალოდ 88%-ში გასცეს. მეორე ადგილი ფრანგულმა (87%), მესამე იტალიურმა (86%), ხოლო მეოთხე ესპანურმა (85%) დაიკავა. რუსული მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა 84%-იანი სიზუსტით, ხოლო ინგლისური – მეექვსეზე 83,9%-ით. მოულოდნელად დაბალი შედეგი აჩვენა ჩინურმა ენამ, რომელიც მხოლოდ 62,1%-იანი სიზუსტით რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხსნიან, რატომ აჩვენა პოლონურმა ენამ საუკეთესო შედეგი. მათი თქმით, პოლონურ ენაზე არსებული სასწავლო მონაცემების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ინგლისურსა და ჩინურს, ამიტომ ასეთი შედეგი დამატებით კვლევას საჭიროებს.

პოლონეთში კი აღნიშნავენ, რომ მათი ენა ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასწავლ ენად მიიჩნევა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სირთულე ხელოვნური ინტელექტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პოლონეთის მთავრობამ საკუთარი დიდი ენობრივი მოდელი – PLLuM წარადგინა, რომელიც ღიადაა ხელმისაწვდომი. მისი მიზანია პოლონურ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სახელმწიფო უწყებების მუშაობის გამარტივება. უკვე აგვისტოდან PLLuM ოფიციალური წერილების მომზადების, მოქალაქეთა მიმართვების ანალიზისა და გრძელი დოკუმენტების შეჯამებისთვის გამოიყენება.
კვლევის მიხედვით, საუკეთესო 10 ენა ხელოვნური ინტელექტისთვის ასე განლაგდა:
- პოლონური – 88%
- ფრანგული – 87%
- იტალიური – 86%
- ესპანური – 85%
- რუსული – 84%
- ინგლისური – 83,9%
- უკრაინული – 83,5%
- პორტუგალიური – 82%
- გერმანული – 81%
- ნიდერლანდური – 80%