გამოცემა Car and Driver აქვეყნებს ისტორიას Lamborghini Murcielago-ს შესახებ, რომლის გარბენიც 420 000 კილომეტრია. ავტომობილის მეპატრონე ბრიტანეთში ცხოვრობს. მას სუპერქარის შენახვა 13 წლის განმავლობაში 480 000 დოლარი დაუჯდა.
საიმონ ჯორჯმა სუპერქარი 2004 წელს შეიძინა, ამისათვის მან მთელი თავისი ქონება შეაკოწიწა, სახლი კი ბანკში ჩადო, ამის შემდეგ იმისთვის, რომ თანხა როგორმე მაინც ამოეღო, ავტომობილი გასაქირავებელ სააგენტოს გადასცა, სადაც პარალელურად კლიენტებს ტრეკზე მართვის ინსტრუქტაჟს უტარებდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბიზნეს პარტნიორთან ერთად საკუთარი არენდის ფირმა გახსნა, ”მურსიელაგო” კი სააგენტოს პარკის მთავარი ავტომობილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი 27 სპორტულ ავტომობილს აერთიანებს. ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად სპორტქარს 90 სატრეკო დღე ჰქონდა, თითოეულ შემთხვევაზე კი საჭეს ათობით მძღოლი მართავდა.
გარდა ამისა, ჯორჯი Lamborghini-ს ყოველდღიურ ავტომობილადაც იყენებდა და კვირის განმავლობაში ათას კილომეტრს ფარავდა. ექსპლუატაციისას მან გაარკვია, რომ ჩვეულებრივ გზებზე სუპერქარს ას კილომეტრზე 20-22 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველწლიურად კი 14 კომპლექტ საბურავს ცვლის. 2012 წელს Murcielago ხეს შეეჯახა, მისი აღდგენითი სამუშაოები 115 000 დოლარი დაჯდა და ოთხი წელი დასჭირდა.
ჯორჯმა დაითვალა, რომ 2004 წლიდან მან 162 000 დოლარი საწვავზე, 95 000 საბურავების 84 წყვილზე, 64 000 სერვისზე და კიდევ 19 000 დაზღვევაზე დახარჯა. გარდა ამისა, გადასახადებში 25 000 დოლარის გადახდა მოუხდა.