კანი იცავს ორგანიზმს, სუნთქავს და შთანთქავს. გარემოზე, საკვებსა თუ მედიკამენტებზე ის სხვადასხვანაირად რეაგირებს. ერთ-ერთი რეაქცია ყავისფერი ლაქებია, რასაც მედიცინაში ჰიპერპიგმენტაცია ჰქვია. კანი ყავისფრად რომ იფერება, ჩვენი ორგანიზმის დამცავი მექანიზმების დამსახურებაა. კანის ფერი უმთავრესად პიგმენტ მელანინის შემცველობით განისაზღვრება. მისი რაოდენობა გენეტიკურად არის განპირობებული, თუმცა დამოკიდებულია კანზე მოხვედრილ ულტრაიისფერ სხივებზეც. პიგმენტური ლაქები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, თუმცა ასაკთან ერთად, როცა იცვლება ჰორმონული ფონი, ძლიერდება ულტრაიისფერი სხივების გავლენა და ლაქები უფრო მკვეთრი ხდება. პიგმენტაციის დარღვევის მიზეზად შესაძლოა ჰორმონული ცვლილებებიც იქცეს. ისინი ორსულობისას ჩნდება და მშობიარობის შემდეგ მალევე ქრება. ამავე მიზეზით პიგმენტაციის დარღვევა მოსალოდნელია ჰორმონული მედიკამენტების მიღების ფონზე, მენოპაუზის პერიოდში. ამ დროს განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ მზეს.
პიგმენტაციის დარღვევის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს დამწვრობა, წყლული, კანის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, კანის დაზიანებით მიმდინარე ზოგი სხვა ინფექციური დაავადება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გლუტენის აუტანლობა, ფოლიუმის მჟავასა და B12 დეფიციტი. პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა მზის აბაზანების ზომიერი მიღებაა. ზომიერება განსაკუთრებით მოეთხოვებათ ორსულებს და ღია ფერის, მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს. შინიდან გასვლისას არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემის წასმა.
ლაქებთან ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ისინი თავისთავად არ ქრება. ჰიპერპიგმენტაციის დროს საუკეთესო გზა ქიმიური პილინგია. ამ დროს კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედებენ. აქტუალურია ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავების მეთოდი, რომელიც სპეციალური აპარატით ტარდება. ეს პროცედურაც მეტად უმტკივნეულოა და არც რეაბილიტაციის პერიოდი სჭირდება. თუ რომელი მეთოდი გამოიყენოს კანის სხვადასხვა სახის პიგმენტაციის დროს, ამას ექიმი წყვეტს პროცედურის წინ. მსუბუქად გამოხატული პიგმენტური ლაქების მოცილება ბუნებრივი საშუალებებითაც შესაძლებელია.