LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლასას ცხელება 

102
ლასას ცხელება 

ლასას ვირუსი პირველად აღწერეს 1969 წელს. მისი ბუნებრივი რეზერვი არის პოლიმასტიური ვირთხა. ეს მღრღნელი ხშირად გვხვდება ტროპიკული აფრიკის სოფლებში. იგი ხშირად ქმნის კოლონიებს ადამიანების დასახლებებში ან სახლების გარშემო, სადაც ინახება საკვები. მღრღნელიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა ხდება ადამიანის ორგანიზმში დაინფიცირებული მღრღნელის შარდის ან ფეკალიების პერორალურად მოხვედრით, დაინფიცირებული მღრღნელის გატყავება-დამუშავებისას ან საკვებად მიღებისას ან დაინფიცირებული მღრღნელის ექსკრემენტებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვისას. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე უფრო იშვიათად გადადის, ვიდრე მღრღნელიდან ადამიანზე.

დაავადება იწყება თანდათანობით. ყოველდღიურად მატულობს ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები. პირველ დღეებში ავადმყოფები აღნიშნავენ საერთო სისუსტეს, დამტვრეულობას, ზოგად სისუსტეს, კუნთებისა და თავის ტკივილს. სხეულის ტემპერატურა მატულობს და 3-5 დღის შემდეგ აღწევს 39-40 გრადუსს. ცხელება შესაძლებელია გაგრძელდეს 2-3 კვირა. მატულობს ინტოქსიკაციის სიმპტომები. სახე და კისერი ჰიპერემიულია, ავადმყოფთა უმრავლესობას ნუშურების რკალებზე და რბილ სასაზე უვითარდება ნეკროზულ-წყლულოვანი კერები, რომლებიც გარშემორტყმულია მკაფიო ჰიპერემიის ზონით. მათი რიცხვი შემდეგში მატულობს, ისინი შესაძლებელია შეერთდნენ. დაავადების მე-5 დღეზე შესაძლებელია წარმოიქმნას ტკივილი ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, დეფეკაცია უხვი, თხიერი, წყლიანი განავლით; ზოგჯერ ვითარდება გაუწყლოვნება.

დაავადების მძიმე ფორმის დროს მეორე კვირაზე მკვეთრად ძლიერდება ინტოქსიკაციის სიმპტომები, რასაც თან ერთვის პნევმონია, ფილტვების შეშუპება, მიოკარდიტი, სახისა და კისრის შეშუპება, ჰემორაგიული სინდრომი. ამ პერიოდში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. ადრე ვლინდება გენერალიზებული ლიმფადენოპათია; პირველი კვირის ბოლოს წარმოიქმნება ეგზანთემა. კლინიკურად და რენტგენოლოგიურად ვლინდება პნევმონია, არაიშვიათად პლევრული გამონაჟონი. აღინიშნება ტკივილი ფერდქვეშა არეში, უხვი წყლიანი განავალი; ღვიძლი გადიდებულია. ზოგჯერ ვითარდება ასციტი. სისხლში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ლასას ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება, მეხუთედში კი ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ელენთას, თირკმელებს და დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. დროულად დაწყებული რეჰიდრატაცია და სიმპტომატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები