LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა გობაძე: ,,საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება კიდევ შეუძლია”

163
lashagabodzenews

რადიო “ფორტუნას” სტუმარია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე.

ლაშა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დროს გვითმობთ. ტრადიციული კითხვით დავიწყებ – მოკლედ გვითხარით როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი და რა შეიცვალა თქვენს ყოველდღიურობაში ამ დროის განმავლობაში?

დიდი მადლობა მოწვევისათვის. რასაკვირველია, შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობაც, ისევე როგორც ჩვენი თანამოქალაქეების და ზოგადად,მთელი კაცობრიობის. მთავარი მოწოდება იყო, რომ დავრჩენილიყავით სახლში და ბუნებრივია, სახლის პირობებში ჩვეულ რეჟიმში ვერ ვვარჯიშობდით, თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად მაინც ვახერხებდით ვარჯიშს. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერში გარკვეულ პოზიტივსაც ვხედავ, რადგან უფრო ახლოს გავიცანი თუნდსაც ჩემი ოჯახის წევრები, ადრე ამდენი თავისუფალი დრო არ მქონდა მათთან ყოფნისათვის.

უკვე განაახლეთ თუ არა ვარჯიში? ვგულისხმობ დარბაზში ვარჯიშს, თუნდაც ინდივიდუალურად, დისტანციის დაცვით? ან როდისთვის ვარაუდობთ დაახლოებით ვარჯიშის განახლებას მწვრთნელებთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე?

ჯერჯერობით დარბაზში ვარჯიში არ განგვიახლებია, მაგრამ ვცდილობთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით თუნდაც მინიმალურად, ინდივიდუალურად ვივარჯიშოთ სახლში, რომ ფორმიდან არ ამოვვარდეთ. ჯერჯერობით არც ის ვიცით, როდის მოგვეცემა ძველებურად ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშის საშუალება.

თუ გაქვთ რაიმე კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდისთვის შეიძლება განაახლოს ტურნირები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ. ასევე თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელიც წლის ბოლოსთვის იყო თავიდანვე დანიშნული და არ გადადებულა ან გაუქმებულა?

ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ წლის კალენდარი მთლიანად გაუქმებულია. ყველა ტურნირი ფაქტობრივად გაუქმებულია, ამიტომ ველოდებით ახალ კალენდარს, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდეგ უკვე შეკრებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომელი ტურნირები გაიმართება და რომლები არა. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ.

მსმენელისა და მაყურებლისათვის ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა სალიცენზიო ტურნირები. რამდენი სალიცენზიო ტურნირი იყო დარჩენილი პანდემიის დაწყებამდე და ოლიმპიადის რამდენი ლიცენზია აქვს მოპოვებული საქართველოს ნაკრებს უკვე?

საქართველოს ნაკრებს ჰქონდა 4 ლიცენზია, აქედან 2 თავისუფალ და 2 კლასიკურ ჭიდაობაში. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლიცენზიები გიორგი მელიას (97 კგ.) და იაკობ ქაჯაიას (130 კგ.) აქვთ, თავისუფალში კი – ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ.). ეს ლიცენზიები ძალაში რჩება. გარდა ამისა, უნდა გამართულიყო კიდევ 2 სალიცენზიო ტურნირი, ერთ-ერთი მათგანისათვის ჩვენ ვემზადებოდით, შეკრებაზე ვიყავით, როდესაც პანდემიის გამო ტურნირები გაუქმდა. სავარუდოდ, ეს 2 სალიცენზიო ტურნირი აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, რაც ყველაფერი ნორმაში ჩადგება, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ეს როდის მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები