ლუმბაგო გავა-წელის მწვავე რადიკულიტია. თუ უეცრად წელკავი დაგვემართა მთავარი წამალი სიმშვიდე და წოლითი რეჟიმია. ნუ ეცდებით ტკივილის მოთმენას და თვითნებურად წელში გასწორებას.
მიზანშეწონილია, იწვეთ ზურგზე. პაციენტი უნდა იწვეს მაგარ და მყარ საწოლზე, ფართო ხის ნაჭერზე ან იატაკზე და წელი თბილად ჰქონდეს შეხვეული. რეკომენდებულია მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც, მხოლოდ შეტევის პირველ წუთებში. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი), თუმცა ურიგო არ იქნება, თუ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად კონსულტაციისთვის ექიმს მიმართავთ. დასაშვებია მტკივანი ადგილის არყით ან სპირტით დაზელა, იოდის ბადის გაკეთება.
ხერხემალი განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს, ამისთვის კი დამატებითი პროცედურების ჩატარებაა საჭირო. აუცილებელია ნევროლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია სამედიცინო დაწესებულებაში, რათა პაციენტს აღმოუჩინონ კვალიფიციური დახმარება და რაც მთავარია, ჩაუტარონ შესაბამისი გამოკვლევები წელკავის მიზეზის გამოსარკვევად. მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სავარძლის სწორად შერჩევაც, რადგან საჭესთან მოუხერხებლად ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ხანგრძლივი ჯდომითი სამუშაოს შესრულებისას კარგია თუ პერიოდულად შეისვენებთ და გაივლით.
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალბატონებმა ქუსლიანი ფეხსაცმელები იშვიათად უნდა ჩაიცვან. ნებისმიერი ტვირთი უნდა აწიოთ ნელა, თანდათან. ტვირთის აწევისას ჯერ მუხლებში უნდა მოიხაროთ და შემდეგ ნელა გასწორდეთ. ნუ დატვირთავთ ხერხემალს ჭარბი წონით. ხერხემლის მთავარი მტერი უმოძრაობაა, ამიტომ სასურველია მეტი მოძრაობა, ცურვა. თუმცა, სირბილის დროს ხშირია ხერხემლის დისკების მიკროტრავმებიც, ამიტომ სირბილისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.