მსახიობმა მაიკლ ფასბენდერმა Ferrari Challenge-ის სარბოლო სერიის პირველ ეტაპში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკულ ტრეკზე Mazda Raceway Laguna Seca გაიმართა. შეჯიბრის შემდეგი ეტაპი მონრეალში ჩატარდება.
საკვალიფიკაციო გარბენში ფასბენდერმა საუკეთესო დრო 1 წუთი და 31,691 წამი დააფიქსირა. რაც დაახლოებით ოთხი წამით ნაკლებია, ვიდრე პირველ პოზიციაზე გასული მრბოლელის მარკ მუცოს შედეგი. რბოლაში მსახიობმა სტარტი 25 მრბოლელისგან მეჩვიდმეტემ აიღო, ფინიშთან მეთერთმეტე მივიდა. შემდეგი რბოლისთვის ფასბენდერმა შედეგები ცოტათი გააუმჯობესა და მეექვსე და მეთოთხმეტე ადგილები აიღო.
Ferrari Challenge-ში სუპერქარები 488 Challenge-ები მონაწილეობენ. ავტომობილები 670 ცხენის ძალიანი ძრავებით არიან აღჭურვილნი. არის ცალკე კლასიც უფრო ძველი ავტომობილებისთვის, რომლებიც მოდელ 458 Challenge Evo-ს ბაზაზე არიან აწყობილები.
მსახიობმა გასულ წელს Corso Pilota-ს შემსწავლელი პროგრამა დაასრულა და მიიღო უფლება Ferrari-ის მონოსერიებში ირბოლოს, რომელიც მხოლოდ მარკის კლიენტებისთვის არის შექმნილი. რბოლები ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ავტოდრომებზე იმართება.