ევრობანკი და მრავალდონორიანი ფონდი E5P ბათუმისათვის “მწვანე” ელექტრო ავტობუსების შეძენას აფინანსებენ.
პროექტის განსახორციელებლად გამოიყოფა 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენული სესხი საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა საქართველოში პირველი – 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შესაძენად.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ავტობუსების შეძენას შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განახორციელებს.
როგორც “ფორტუნას” ბათუმის მერიიდან აცნობეს, დაბალძირიანი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, მარტივად გამოსაყენებელია საბავშვო ეტლიანი მგზავრებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის.
აღნიშნულის შესახებ სასესხო და საგრანტო შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი დღეს მოეწერა.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD) ხორციელდება და ბათუმში ახალი, დაბალძირიანი ავტობუსები შემოყვანას გულისხმობს, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.
ბათუმი პირველი ქალაქია ევრობანკის საქმიანობის ქვეყნებს შორის, რომელშიც ორგანიზაცია ელექტრო ავტობუსებს შეიყვანს მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორში.
მერიის ცნობით, ახალი ავტობუსების შეძენა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას და უზრუნველყოფს გარემოს ნამწვი აირების ემისიის შემცირებას.