საქართველოს დიდი კაცი უბრუნდება. მამუკა გორგოძე ბორჯღალოსნებს შესაძლოა იაპონიის მსოფლიო თასზე დაეხმაროს.
ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლიდერმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში თამაში 2017 წელს დაასრულა, რუმინეთთან მატჩის შემდეგ და მას შემდეგ მხოლოდ საკლუბო ასპარეზზე გადაერთო.
რაგბი 15-ის ინფორმაციით, გორგოძილას დაბრუნებას წინ არაფერი უდგას.
ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.
გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.
ამ მომენტისათვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, „ტულონის“ ხელმძღვანელობას შორის – წერს რაგბი 15.
რაგბის ქომაგებს მოეხსენებათ, რომ ჩვენს ნაკრებს ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დააკლდება, ამიტომ გორგოძის დაბრუნება კიდევ უფრო აუცილებელი ხდება.
მამუკა გორგოძემ ტოპ 14-ის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ბოლო შეხვედრაში მან ორი ლელო დადო და სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა.
მამუკა გორგოძეს ნაკრებში 71 მატჩი უთამაშია.
საქართველოს კი მსოფლიო თასამდე ორი მაგარი ტესტი აქვს. ხვალ, თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოსულ შოტლანდიას ვეთამაშებით და ერთ კვირაში კი ექვსი ერის ამ წარმომადგენელს სტუმრად შევერკინებით.