ტიუნინგ ატელიე Mansory-მ Lamborghini Urus-ისთვის მოდიფიკაციების ახალი პაკეტი, სახელწოდებით Soft Kit, წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი ბრენდისთვის შედარებით თავშეკავებულია, ტექნიკური განახლება საკმაოდ შთამბეჭდავია – კროსოვერის სიმძლავრე 1100 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
სტანდარტული Urus SE-ის ჰიბრიდული სისტემა 800 ცხენის ძალასა და 950 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. Mansory-მ 4.0 ლიტრიანი V8 ძრავა საკუთარი ტურბოდაბერვის სისტემით, ინტერკულერით, სპორტული გამონაბოლქვითა და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა. შედეგად, სიმძლავრე 300 ცხენის ძალით გაიზარდა და 1100 ცხენის ძალას, ხოლო ბრუნვის მომენტი 1250 ნმ-ს აღწევს.

შედარებისთვის, ლეგენდარული Bugatti Veyron 1001 ცხენის ძალას ავითარებს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული Urus მასაც კი აჭარბებს.
Soft Kit-ის ფარგლებში კროსოვერმა ახალი წინა სპლიტერი, ბამპერისა და ჰაერის შემშვები არხების დამატებითი ელემენტები, განახლებული გვერდითი კალთები, უკანა დიფუზორი და მასიური სპოილერი მიიღო. ერთადერთი ტექნიკური ცვლილება სავალ ნაწილში 24 დუიმიანი ბორბლებია.

Mansory მომხმარებლებს ინტერიერის სრულ პერსონალიზაციასაც სთავაზობს – კარბონის დეტალებიდან დაწყებული, ინდივიდუალური ფერებითა და მასალებით დასრულებული.
ატელიეს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიცვალა ავტომობილის აჩქარების მაჩვენებლები, თუმცა 1100 ცხენისძალიანი Urus დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სერიულ კროსოვერად ითვლება.