არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ სამარადჟამოდ განდიდებული არიან. მიზეზები განსხვავებულია. ზოგის შემთხვევაში ოქროს ბურთი, ბევრი ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონობა ან რაიმე სხვა. თუმცა, არსებობენ მოთამაშეები, რომელთა კარიერას მქუხარე ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ მოედანს მიღმა განხორციელებული საქებარი საქმით იმახსოვრებენ. ერთ-ერთი ასეთი ჯოფრი ტომასია.
ჯოფ რობერტ ტომასი, 1964 წელს, მანჩესტერში დაიბადა. ურიგო კარიერა ჰქონდაო ვერ ვიტყვით, რადგან ინგლისის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. უთამაშია „კრისტალ პალასსა“ და „ნოტინგემ ფორესტში“. 2002 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სამომავლო გეგმების დალაგებას შეუდგა. 1 წლის თავზე, ექიმთან გეგმიური ვიზიტისას, სისხლის ანალიზმა ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვა და აქედან იწყება „ღვთაებრივი კომედია“.
საუბარია 2000-იანების სტარტზე, როდესაც ლეიკემია სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. ვერც იმას ვიტყვით, 2 დეკადის შემდეგ მედიცინამ ვერაგი სენი დაამარცხაო, მაგრამ ტომასის დარი პიროვნებების შემწეობით და გლობალური მედიცინის მუხლჩაუხრელი შრომით, 10-15 წელიწადში ლეიკემიის წელში გადატეხვა რეალურ სურათს ჰგავს.
ჰო, დავუბრუნდეთ ტომასს. „როდესაც მწარე სიმართლე გეკვეთება, პოზიტივის მცირე ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ჩაეჭიდო და მასზე ოცნების კოშკი ააგო. ჩემს შემთხვევაში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა იყო ერთადერთი ხსნა, თუმცა შანსი აქაც ძალიან მცირე იყო. მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს შეეძლო დონორობა“.
იმ პერიოდში ტომასმა ლენს არმსტრონგის ბიოგრაფიის კითხვას მიჰყო ხელი. კაცი, რომელმაც ზედიზედ 7-ჯერ მოიგო „ტურ დე ფრანსი“, მაგრამ დოპინგ სკანდალმა ყველაფერი დააკარგვინა, თუმცა ლაიტმოტივი არმსტრონგისაგან სიმსივნის დამარცხება და შვიდგზის გაჩემპიონებაა.
„ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება ჩემს შემდეგ, როგორ გაართმევდა მეუღლე უამრავ გამოწვევას თავს, ექნებოდა თუ არა ოჯახს სახლ-კარი (საბედნიეროდ მე ეს პრობლემა არ მედგა)“.
დისნეილენდში ოჯახთან ერთად მოგზაურობისას მისმა დამ სისხლის ანალიზი აღმოაჩინა და რაღაც სასწაულებრივი მოხდა: მის დას დონორობა შეეძლო! დაიწყო მკურნალობის ხანგრძლივი და მძიმე პროცესი.
„დიაგნოზის დასმისას ინტერნეტში მოვიძიე, რომ მაქსიმუმ 3 თვე მქონდა დარჩენილი. ექიმმა პროგნოზი 12-ჯერ გამიზარდა, მაგრამ ამ ამბიდან 19 წელი გავიდა და სრულიად განვიკურნე. ახლა მიზანი სხვების გადარჩენაა“.
ჰოდა, ჩვენმა ტომასმა, იმის ნაცვლად, რომ ამდენი ლოცვა და განსაცდელი დაევიწყებინა ანდაც მშვიდად განეგრძო ცხოვრება, პირიქით, იან რაითი, გარი ლინეკერი, ჯილ დუგლასი და კარგად ნაცნობი ლენს არმსტრონგი აიყოლია. დაიწყეს თანხის შეგროვება, „ტურ დე ფრანსის“ ტრეკზე საქველმოქმედო რბოლა და მრავალი სხვა. შეგროვდა მილიონობით დოლარი, რომელიც ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. 2021 წლის ივნისში სამეფო ოჯახმა ტომასი MBE – ორდენით დააჯილდოვა, რომელიც ასე იშიფრება. უბრწყინვალესი ორდენი სამეფო იმპერიაში. ხან ასეც ხდება ხოლმე, ადამიანს უთხრეს: „წადი ოჯახთან ერთად დისნეილენდში იმოგზაურე, ნაყინი დააგემოვნე, ბოლო თვეები ტკბილად გაატარეო“ და ამ დროს შეუპოვრობამ იძალა.