LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ხუცურაულის დაბრუნება “ვოისში“ ცხრაწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ

37

Ardaidardo.Geმარიამ ხუცურაული ქართველმა მსმენელმა პირველად რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის ფარგლებში მოისმინა. დიდი ხანია მომღერლისგან სიახლეები აღარ გვსმენია, თუმცა ორიოდე თვის წინ მარიამი“ვოისში“ გამოჩნდა. ახლა ის ქეთას გუნდის წევრია და პროექტის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

 

მარიამ ხუცურაული:

2006 წელს “ჯეოსტარში“ ვმონაწილეობდი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. თუმცა პროექტს ნახევარფინალიდან გამოვეთიშე. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არცერთ სატელევიზიო პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა და დავბრუნდი “ვოისით“.

რატომ გქონდა ცხრაწლიანი პაუზა?

– “ჯეოსტარის“ შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მოდელირების ფაკულტეტზე. რამდენიმე წლის განმავლობაში დიზაინერად ვმუშაობდი. ჩემი კოლექცია გავაკეთე “ნიუ ქამერებისთვის“ თბილისის მოდის კვირეულზე, რომელიც მოხვდა საუკეთესო ხუთეულში და “კიკალა სტუდიომ“ საჩუქრად გამიკეთა პორტფოლიო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ.

შემდეგ ისე აეწყო, რომ ვმუშაობდი ტელევიზიებში მხატვრად – პროექტზე „“შუა ქალაქში“ და GDS-ში გადაცემაზე “ჯიდიპედია“. ასევე ვმუშაობდი ამავე არხზე სერიალზე “დროის მანქანა“.


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

მარიამ “ვოისში“ ხარ ქეთა თოფურიას გუნდის წევრი. რატომ აირჩიე ქეთა?

– ძალიან მომწონს მისი შემოქმედება, სტილი, დამოკიდებულებები, ის თუ როგორ სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. პიროვნულადაც ჩემს ნატურასთან ძალიან ახლოს არის. გამიხარდა როცა შემომიბრუნდა, მე უკვე მასზე მქონდა არჩევანი გაკეთებული.

ქეთა რომ არ შემობრუნებულიყო, ვის გუნდში გინდოდა ყოფნა?

– ყველა ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც ქეთას გუნდში მინდოდა ვყოფილიყავი.

როგორია ქეთასთან მუშაობა?

– ქეთა არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან მეგობრული, თავისი საქმის პროფესიონალი, ყურადღებიანი, თბილი. შეუძლია მოსმენა და შენი ინტერესის გათვალისწინება. მისი რჩევები ძალიან გვადგება, ყოველთვის ზუსტად გრძნობს და აღიქვამს სიტუაციას, საინტერესოა მასთან ერთად მუშაობა. არაჩვეულებრივი მწვრთნელია. ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. ასევე, მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატო დუმბაძეს, რომელიც ქეთას არყოფნაში ჩვენზე ძალიან ზრუნავს, გვერდში გვიდგას და გვეხმარება, წარმოუდგენელია, ეს არ დააფასო.

სანამ “ლაივებამდე“ მოხვიდოდი, გამოიარე საკმაოდ დიდი და რთული გზა. რა მოგცა “ვოისის“ უკვე განვლილმა ეტაპებმა?

– “ვოისმა“ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება. ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო გავიცანი… ვთვლი, რომ პროფესიულადაც გავიზარდე. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო “ვოისში“ მონაწილეობის მიღება.

კონკურსანტებს როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან?

– ძალიან მეგობრული სიტუაციაა. ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და ერთმანეთის წარმატება გვიხარია.

თუ გიფიქრია რას გააკეთებ “ვოისის“ დასრულების შემდეგ?

– “ვოისის“ მერე მინდა, გავაგრძელო შემოქმედებითი მოღვაწეობა. ძალიან მიყვარს სიმღერა, სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. ბავშვობიდან ვმღერი და მინდა, გავყვე, არ ჩამოვშორდე ამ სფეროს. ცხრაწლიანი პაუზაც ვფიქრობ დიდი წყვეტა იყო. “ვოისში“ რომ გავაგზავნე ჩემი მონაცემები, არ მეგონა რომ დამიკავშირდებოდნენ. იმდენად დიდი ხანი იყო გასული, რაც არ მიმღერია, რომ ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ის ემოციები, რაც ცხრა წლის წინ განვიცადე…

წარმატებებს გისურვებთ მარიამ!

გუგა ლეჟავა

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები