საქართველოში მოღვაწე საავტომობილო კლუბები და განსაკუთრებით იაპონური ავტომობილის მძღოლები არ შეეგუებიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას, შესაბამისად მაქსიმალურად შეეცდებიან კანონპროექტი გააპროტესტონ. სოც-ქსელში შეიქმნა ღონისძიების გვერდიც სახელწოდებით ”მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა”, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სამომავლო გეგმები და პირველი საპროტესტო აქციაც.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთ პუნქტს შეადგენს საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის გაუქმება. 2016 წლის პირველი მარტიდან, ავტომობილი, რომლიც იქნება მარჯვენა საჭით საქართველოში არ განბაჟდება. კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ ეს ყოველივე დაასტაბილურებს ქალაქში საცობების მდგომარეობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვით პრობლემა არ მოგვარდება, საცობების აღმოფხვრისთვის სხვა ბევრად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს დამოუკიდებელ მოქალაქეებს გვაქვს არჩევანის გაკეთების უფლება, როგორი იყოს ჩვენი კერძო საკუთრება(მარჯვენა საჭიანი თუ მარცხენა საჭიანი). სწორედ ამიტომ, 6 დეკემბერს, კვირას 13:00 , ჩატარდება გამაფრთხილებელი აქცია. მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით გავჩერდებით მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, უწყვეტი ჯაჭვი იქნება მშრალი ხიდიდან დიღმის მიმართულებით, მოწვეული იქნებიან ტელევიზიები, ჩვენ გამაფრთხილებელი აქციით მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოთხშაბათამდე შეცვალოს ეს კონკრეტული პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ხუთშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მსვლელობებს ქალაქის ცენტრში პიკის საათის დროს, რაც გამოიწვევეს ქალაქის პარალიზებას.
აქცია იქნება გამაფრთხილებელი და არ ისახავს მიზნად პრობლემა შეუქმნას ქალაქს. სწორედ ამიტომ, ვირჩევთ კვირა დღეს და ნაკლებად გადატვირთულ ტერიტორიას მაგრამ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ქალაქში პრობლემები გარდაუვალი გახდება.” – ნათქვამია ღონისძიების შინაარსში.
გარდა ამისა, სოც-ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ იურისტების დახმარებით სასამართლოსთვის მომზადდება სარჩელი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლთა სახელით…