საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა და იმდენად დაზიანებული იყო, რომ ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალი ხდებოდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს როგორც ერთმანეთთან, ასევე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. აღნიშნულ გზას VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან – მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთან მივყავართ და ამიტომ ის ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.