მასტერი: „შეყვარებულს შევპირდი, რომ პირად ცხოვრებაზე აღარ ვისაუბრებ…“

1428
mastrrrr

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი „ოქროს ტალღის“ არაერთგზის ნომინანტი და ორჯერ გამარჯვებულიც გახლავთ. ახლაც ნომინირებულია ერთ-ერთი სიმღერით, რომელიც სიყვარულზეა. მასტერის რეპერტუარში, როგორც გავარკვიეთ, არაერთი სიმღერა აქვს, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა.

მართალია, მას დაჰპირდა, რომ მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებდა, მაგრამ ჩვენთან გამონაკლისი დაუშვა.

რეპერს „კაფე ორანჟერეაში“ შევხვდით სასუბროდ.

მასტერი:

ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, „ოქროს ტალღა“ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომ მუსიკოსებისთვის დიდი მოტივაციაა, შექმნან უფრო ბევრი და ხარისხიანი მუსიკა და დაფასდეს პროფესია. ყველაზე კარგი ისაა, რომ მართლა საუკეთესოდ არის ორგანიზებული, სასიამოვნოა კოლეგების ნახვა ამ შეკრებაზე ყოველ წელს. როცა შენი სიმღერაცაა წარდგენილი, სიამაყის გრძნობაც გეუფლება. წარდგენილი ყოველ წელს ვიყავი, მაგრამ ორჯერ მაქვს მოგებული, „ფორტუნა პლუსის“ რჩეული გავხდი და მივიღე წლის პოპულარული კლიპის ჯილდო „დამსინესთვის“. ორივე წელს მქონდა მოგების მოლოდინი.

წელს ირაკლი ფირცხალავასთან ერთად ჩაწერილი „თოვლი მოსულა“ არის წარდგენილი და მეორე სიმღერაა „სიყვარულს ვერ გაგატან“. სხვათა შორის, ამ კომპოზიციის ყველაზე დიდი იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ „იუთუბზე“ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა უკვე, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი სიმღერა აღმოჩნდა. მინდა, მოვიგო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ჩემი მსმენელის აქტიურობის იმედი მაქვს და მოვუწოდებ ხოლმე, გადავიდნენ ლინკზე და დააჭირონ ხმის მიცემას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

შენ მუდამ აქტიურობ. ახლა რას აკეთებ, მოგვიყევი.

როცა მეკითხებიან, ახლა რა სიახლეზე მუშაობო, გაცვეთილია ჩემთვის, რადგან ყოველდღე ვფიქრობ ახალ ტრეკზე. ჩემს ახალ ალბომს, რომელიც ზაფხულში გამოვა, ერქმევა „15“, რადგან ამდენი წელია, რეპში ვარ. 15 წლის ვიყავი, როცა ეს საქმიანობა დავიწყე. ვაგრძელებ დიდ პროექტზე მუშაობას, ბენდთან ერთად პროგრამას ვამუშავებ და მათთან ერთად გამოვალ ხოლმე კონცერტებზე.

სულ მქონდა დეფიციტი და მომღერლების მშურდა, ვინც ბენდთან ერთად გამოდიოდა. ერთი-ორჯერ მქონდა შეხება ბენდთან და იმდენად მაგარი შეგრძნება იყო, რომ გადავწყვიტე, თავადაც მეცადა. ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში, როცა რეპერი ბენდთან ერთად გამოვა. ვაპირებ ჩემი ცნობილი ჰიტების გაკეთებას ბენდთან ერთად, ასევე ახალი სიმღერების. ორი არჩევანი მექნება, როცა კონცერტზე დამიძახებენ, სოლოდ გამოსვლა და ბენდთან ერთად, ორგანიზატორი კი თავად აარჩევს. ბექვოკალებიც მეყოლება, დიჯეიც მყავს. დაახლოებით ერთ თვეში მთლიანი პროგრამა მზად იქნება.

„ოქროს ტალღა“ წელიწადში ერთხელ აფასებს შემსრულებლებს და როგორც ამბობ, ეს კარგია. კრიტიკას რა ადგილი უკავია შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

ძალიან დიდი (იღიმის), მთავარი როლი აქვს. როცა მე ვიწყებდი, რეპის ჟანრი არ იყო პოპულარული. კრიტიკის ბევრი ქარცეცხლი გამომივლია, რუსეთშიც მიცხოვრია, ევროპაშიც, მაგრამ საქართველოში ყველაზე კრიტიკული მსმენელია. თუმცა, პროფესიონალური კრიტიკა ნაკლებად მომისმენია, მაგალითად, ასეთი, რომ კონკრეტულ სიმღერაში ან ინსტრუმენტალი არ მოსწონთ ან ლირიკაა სხვაგან. ჩვენთან მუსიკალური პრესა ნაკლებად არის. ამის მიუხედავად, ზედმეტი აგრესია არ მაქვს კრიტიკის მიმართ. თუკი ვინმე სალანძღავ კომენტარს წერს, მას სერიოზულად ვერ აღვიქვამ.

ახლა ადვილია რეპერობა საქართველოში?

ადამიანებს რომ შეაყვარო თავი შენი შემოქმედებით, სხვაა და როცა უბრალოდ გაგიცნობენ, – სხვა. მართლა დიდი ნაბიჯია, როცა ასაკით დიდი ადამიანი გაჩერებს და გეუბნება, რომ მოსწონს შენი შემოქმედება. ძალიან დიდი სტიმულია ხალხისგან სიყვარულის გამოხატვა. ესეც არის მიზეზი, რომ შემოქმედებითად ძალიან აქტიური ვარ. მანქანიდან შუქნიშანზე გაჩერებულს ვინმე რომ გადმომძახებს, მასტერ, გენაცვალეო, ეს არის ის საწვავი, რომელსაც შემდეგ რეპში ვიყენებ.

ისევ ცალად დადიხარ?

(იღიმის) სხვათა შორის, გუშინ ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, აწი პირად ცხოვრებაზე აღარ ვილაპარაკებ-მეთქი. როცა მკითხავენ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაშიო, ვუპასუხებ, ამ თემაზე მედიასთან არ ვსაუბრობ-მეთქი, მაგრამ რადგან მკითხე, ბოლოჯერ ვიტყვი, რომ მყავს შეყვარებული.

გვეტყვი მის ვინაობას?

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მუსიკალურ კლიპში რომ გადავიღებ და გამოვაჩენ, მერე ნახავთ. დასამალი გოგო ნამდვილად არ არის.

შენი გული როგორ მოიგო?

ძალიან გულწრფელია… სხვათა შორის, ხშირად ვართ სხვადასხვა აზრზე, სხვათა შორის, ეს მუსიკას არ ეხება… მხატვარია.

მისთვის სიმღერა მიგიძღვნია?

კი. დილის ექვს საათზე გამომიგზავნეს ინსტრუმენტალი. სახლში მაქვს სტუდია. თან, ჩემი გოგოს ფოტოს ვუყურებდი, თან ტექსტს ვწერდი. სიმღერას ჰქვია „N.S.“.

„სიყვარულს ვერ გაგატან“ ასევე მას ეძღვნება?

შეიძლება ითქვას, რომ კი. ბევრი სევდიანი სიმღერა მაქვს სიყვარულზე, ზოგჯერ გამილამაზებია და დრამაში წამიყვანია, მაგრამ მერე მე და ჩემს გოგოს ისეთი საინტერესო თავგადასავლები გადაგვხდა, რომ ყველა სიმღერა ამიხდა რაღაც პონტში… (იღიმის).

როცა სიმღერას წერ, წინასწარ იცი, რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და მოხვდება თუ არა დაჯილდოებაზე?

სიმღერას რომ ვწერ ხოლმე, ვხვდები, რა გაჰიტდება. მოსკოვში „დამსინას“ რომ ვწერდი, ვიცოდი, რომ შორს წავიდოდა, მაგრამ ამდენად შორს თუ წავიდოდა, არ მეგონა. ექსპერტი არ ვარ, ყოფილა მომენტები, რომ მითქვამს, ეს სიმღერა მაგრად წაიღებს-მეთქი და ვერ წაუღია. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ასეთ შედარებას მოვიყვან, ნებისმიერ გრანდს შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნა. დედაჩემს უთქვამს ხანდახან, ეს სიმღერა შენი სტილის არ არისო. მე კი ვპასუხობ, რომ შეიძლება, ისეთი სიმღერა ჩავწერო, რაც ჩემს სტილში არ ჯდება, მაგრამ მუსიკა ცოცხალი ორგანიზმია და არტისტი ვითარდება…

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „კაფე ორანჟერეა“

ნინო მურღულია

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები