გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის ორი სიმღერით მოხვდა – აბისთან ერთად დუეტით, სახელწოდებით „პრეზიდენტი“ და ირაკლი ფირცხალავასა და ჯემალ სეფიაშვილის მონაწილეობით შექმნილი სიმღერით „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“. ორივე სიმღერა მსმენელმა ძალიან ადვილად აიტაცა.
მასტერი:
ორივე სიმღერის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს. დავიწყოთ „პრეზიდენტით“. მე და აბიმ ინტერნეტში საინტერესო ინსტრუმენტალი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელის მომხმარებლისთვის დაგვედო ვიდეო, სადაც ამ ინსტრუმენტალზე მორგებულ ტექსტს შევასრულებდით. ჩვენ მისი ჩაწერა სულაც არ გვქონდა განზრახული, თუმცა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ის იმდენად აიტაცა მსმენელმა, რომ ათასზე მეტი გაზიარება დააგროვა. ხალხი გვწერდა, ეს სიმღერა ჩაწერეთო. ტექსტი ძალიან სახალისო გამოვიდა, პრეზიდენტის თემა გვაქვს გადატანითი მნიშვნელობით. მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სიმღერის ჩაწერა გადავწყვიტეთ. ინსტრუმენტალი ოფიციალურად შევიძინეთ და ჩავწერეთ. მისი ავტორი არის დიჯეი და ბიტმეიკერი, ჯასტინ ტოტენი, სულ რაღაც 90 დოლარად გავხდით ამ ბიტის ოფიციალური მფლობელები (იღიმის).
რაც შეეხება დუეტს ირაკლი ფირცხალავასთან. მოსკოვში რომ ჩავედი, ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ვიცოდი, რომ ქართველობს და ძალიან კარგი ადამიანია. მოვიკითხე, სად შეიძლებოდა მისი გაცნობა. ამ დროს თბილისიდან დამირეკა ლევან ჩიჩუამ, თიელმა და მეუბნება, რომ თბილისში ირაკლი ფირცხალავაა ჩასული, აქვს სიმღერა და ეძებს რეპერს, რომ მასთან ერთად ჩაწეროსო (იცინის). მოკლედ, ირაკლი მე მეძებდა და მე – ირაკლის. თიელმა ამ სიმღერის გაკეთებული არანჟირება გამომიგზავნა, რომელიც ძალიან მომეწონა. მე ვუთხარი, რომ ჩავწერდი ჩემს ვერსიას და გადავუგზავნიდი. მოეწონათ, შემდეგ გავიცანით ლეგენდარული კომპოზიტორი, ჯემალ სეფიაშვილი და როგორც მოისმინეთ, მასთან ერთად ჩავწერეთ სიმღერა, რომელიც მსმენელმა ასევე დიდი ენთუზიაზმით აიტაცა.
მასტერ, „ოქროს ტალღაზე“ რა აზრის ხარ?
სხვათა შორის, ამ კონკურსზე შარშანაც ვიყავი წარდგენილი. მქონდა იმედები, რომ წელსაც მოვხვდებოდი ნომინანტებს შორის. ძალიან მიხარია ეს ამბავი. ეს კონკურსი ხელს უწყობს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას და ზოგადად, ისიც მიხარია, რომ აქ ქართულ ჰიპ-ჰოპს წარმოვადგენ. მინდა აღვნიშნო „ფორტუნა პლუსის“ წვლილი ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარების ხელშეწყობაში, რადგან არასდროს არ ეუბნებიან უარს კარგი ტრეკების ავტორებს და მათ სიმღერებს ატრიალებენ.
